გიორგი ვაშაძე - პატივს ვცემ ყველას არჩევანს, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები, საინტერესო კანდიდატები გვეყოლება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში
არის ოპოზიცია, რომელიც დაჯგუფდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, არის ოპოზიცია, რომელიც შექმნის მესამე ძალას, ითანამშრომლებს სხვადასხვა კომპონენტში და არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„აი, ეს იქნება არჩევანი ამ არჩევნებზე. ნამდვილად არ მქონია ბოკერიასთან არანაირი კონსულტაცია. პატივს ვცემ ყველას არჩევანს, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები. ბოიკოტის პირველივე დღიდან ვითხოვდით რიგგარეშე არჩევნებს და 2 ოქტომბერს იქნება 43%-იანი რეფერენდუმი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ჯამურად, ყველამ ერთად, „ქართულ ოცნებას“ არ ავაღებინოთ 43%. ანუ, ოპოზიციამ აიღოს 58% და აქ ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, არ აპირებს, მერობაზე და ა.შ. საკუთარი კანდიდატურა დააყენოს და ამით ვინმეს კონკურენცია გაუწიოს.
„არ ვაპირებ ამის გაკეთებას. მინდა, რომ ბევრი ახალი ადამიანი შემოვიდეს და ძალიან საინტერესო კანდიდატები გვეყოლება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში“, – განაცხადა ვაშაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ოპოზიციის ნაწილის სტრატეგიას, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან სხვადასხვა კანდიდატის დაყენება ოპოზიციის ხმებს დაქსაქსავს და „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაშია შესაძლებელი, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თუ მოქალაქეებს მრავალფეროვანი არჩევანი არ ექნათ, „ქართული ოცნება“ რადიკალიზაციის კამპანიას დაიწყებს და ერთი კანდიდატის დაყენებით, ოპოზიცია ამაში ხელს შეუწყობს.
„ეს კამპანია უკვე დაიწყო კიდეც, რომ არსებობს მხოლოდ „ნაცმოძრაობა“, რომ ყველა ჟურნალისტი, რომელიც კრიტიკულ კითხვას სვამს, მისი ოპონენტი, „ნაცმოძრაობის“ დანამატია და ა.შ. მე არ მინდა, მათ ეს შანსი მივცე. ეს არ არის მაჟორიტარების და მერების არჩევნები. ეს რეფერენდუმია და ყველამ უნდა გავიგოთ. „ქართული ოცნების“ მიზანია, ყველა 5 ნომერში ჩაყლაპოს და თქვას, რომ არჩევანი 5-სა და 41-ს შორის არის, მე კი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვეუბნები, რომ არ არის 5-სა და 41-ს შორის არჩევანი“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, პირველი ნომერი შემოხაზონ.
„აგერ, პირველი ნომერია „სტრატეგია აღმაშენებელი“ და პირველები გვინდა, ვიყოთ რეგიონებში; პირველები გვინდა, ვიყოთ განვითარების კუთხით, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკის განვითარებაში, სიყვარულში, მეგობრობაში, სტუმარ-მასპინძლობაში, ისევე, როგორც ისტორიულად ყოველთვის ვიყავით. შემოხაზეთ პირველი ნომერი. არ მაქვს ამის უფლება?“, – განაცხადა ვაშაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ამ მესამე პოლიტიკურ ცენტრში „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ლელო“, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „გირჩთან“ და „მოქალაქეებთან“ მოლაპარაკებები საერთოდ არ აქვს, მაგრამ რაღაც საკითხებში შეიძლება, „გირჩთანაც“ ითანამშრომლოს, „ლელოსთან“ კი გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები მიდის.
ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საკუთარ სტრატეგიას და კანდიდატებს ერთ კვირაში წარმოადგენს.
შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა რამე ტიპის თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ თბილისს გარეთ თუნდაც, პროპორციულ ნაწილში, ან რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მათთან გენერალურ თანამშრომლობას არ აპირებს, მაგრამ ლოკალურად, თუ სადმე მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმდებიან, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.