გიორგი ვაშაძე - პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა სააკაშვილის მონახულებაზე, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნება“ სიმართლის დასამალად ყველაფერს აკეთებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სურვილი ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილი მოენახულებინა, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილისგან მონახულებაზე უარი მიიღო.
ვაშაძის განცხადებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ სიმართლის დასამალად ყველაფერს აკეთებს.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამას ადასტურებს ყველა სამედიცინო დასკვნა, რომელიც გაკეთებულია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამას ადასტურებს სახალო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფის დასკვნები, ქართველი თუ უცხოელი ექიმების დასკვნები, ანალიზის შედეგები. ამერიკელი ექსპერტის დასკვნაში პირდაპირ საუბარიც კი არის შესაძლო მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით. ფაქტია, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, ყოველდღიურად მძიმდება. შესაბამისად, ჩემი ამოცანა იყო, გულწრფელად მენახა მიხეილ სააკაშვილი, ადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. ერთი მხრივ, სააკაშვილი გამემხნევებინა, მეორე მხრივ, პირადად მენახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე. პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ჩემთვის ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და სიმართლე დამალოს“, – განაცახდა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ხალხის ხმა არის ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ ანგარიშს გაუწევს.
„გაცილებით საგანგაშოდ მივიჩნევ ბოლო დღეებში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს მიზანმინართულად თვითდაზიანება ხდება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ეს სცენარი ძალიან ჰგავს ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს, როცა ადამიანი მოკლეს და დღეს ისიც კი არ ვიცით, ვინ გაისროლა ტყვია. მაშინ ეს დაგეგმეს რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, რა განცხადებებსაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ფაქტობრივად, არის საზოგადოების წინასწარ მომზადება, რომ, ღმერთმა ნუ ქნას, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე შედეგით თუ დასრულდა, ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში დაადანაშაულონ. ამას შეიძლება, დავარქვათ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ დღისით, მზისით მიმდინარეობს.
მინდა, საქართველოს მოქალაქეებს მივმართო, მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. მას უკავშირდება ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება, რომლის გამოც საუბარი შეგვიძლია კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მისი მდგომარეობა ცუდად თუ დამთავრდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის ევროპული კარი დაიკეტება. ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ ანგარიშს გაუწევს, ხალხის ხმაა. ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, რათა დაგვაეჭვონ, არის თუ არა მართლა ცუდად, უმძიმეს ვითარებაში. მე, პარლამენტის წევრს, რომ უარს მეუბნებიან მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე, კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა, რომ მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ვინმეს წარმოგვიდგენია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.