გიორგი ვაშაძე - პაპუაშვილებთან და კოლექტიურ დიტო სამხარაძეებთან მოლაპარაკებას გამოვრიცხავთ, ვწუხვარ, რომ ხათუნა სამნიძე მონაწილეობს
პაპუაშვილებთან და კოლექტიურ დიტო სამხარაძეებთან მოლაპარაკებას გამოვრიცხავთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, გამონაკლისის სახით პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევას მოაწერენ ხელს.
„პაპუაშვილებთან და კოლექტიურ დიტო სამხარაძეებთან მოლაპარაკებას გამოვრიცხავთ. რატომ? – ისინი არიან ოლიგარქიული რეჟიმის ჭანჭიკები და მსახურები. აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან ლაპარაკს, ვისაც არავინ ეკითხება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მათ დავალებას არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ „ფეესბეს“ დაჯგუფებები აძლევენ. არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. გამონაკლისის წესით, რიგგარეშე სესიის მოწვევას ერთხელ და საბოლოოდ მოვაწერთ ხელს. ეს იქნება ტესტი პრეზიდენტისთვის – ხალხის მხარესაა და ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, თუ „ქართული ოცნების“ მხარესაა და არ ნიშნავს, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ტესტი, რა უნდა მათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, დიდი შეცდომაა, რომ ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტში დაწყებულ კონსულტაციებში.
„პირველი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს, რომელსაც განხილვაც არ სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, თუ ვინმე მონაწილეობას იღებს, დიდი შეცდომაა. ძალიან ვწუხვარ, რომ ხათუნა სამნიძე მონაწილეობს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. პოლიტიკა არის პროცესი, სადაც ხალხს სიმართლე უნდა უთხრა და რაღაც საქმის კეთების ილუზია არ უნდა შექმნა. ვერავინ გვეტყვის, რომ სადმე არ ვიყავით თანამშრომლობაზე ან საქმეზე ორიენტირებული, მაგრამ მონაწილეობას არ მივიღებთ არც ერთ პროცესში, რომელსაც შედეგი არ ექნება. გეგმა კი არ წარმოადგინეს, ოლიგარქიული რეჟიმის სამოქმედო გეგმაა წარმოდგენილი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩემიდან დაწყებული, სხვით დამთავრებული, ივანიშვილის გარდა, ყველა ოლიგარქია. ეს მიუთითებს, რა უნდათ და რა მისწრაფება აქვთ. საქართველოს მოსახლეობა ევროპას ირჩევს და დაბნეულობა არ უნდა შევიტანით. ტესტია ნომერი ერთი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.