გიორგი ვაშაძე - ორბანი ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში
ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა, ისაა, რომ კობახიძე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, – ამის შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის შინაარსი.
„ფაქტია და სამწუხაროა, რომ ორბანი ამ შემთხვევაში ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა იქნება კობახიძესთან შეხვედრის შინაარსი. სამწუხაროდ, პროევროპული ოჯახის გაფართოების დიდი ინტერესი „ქართულ ოცნებაშიც“ არ არის. მათ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ისინი ფაქტის წინაშე არიან, რომ მათმა რუსულმა დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა. დანარჩენს ვნახავთ, ალბათ შედეგები გვიჩვენებს, რაზე იქნება საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, ყველანი ვიდგეთ მყარად, ერთად. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა ინიცირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ 9 დეკემბერს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი მძლავრი ხმა ევროკავშირს, რადგან ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა, ისაა, რომ კობახიძე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის შეჩერებას და ევროპული საბჭოს შეკრების გადადებას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ იმედოვნებს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება.
„მე მაინც იმედი მაქვს, რომ გადაწყდება ეს საკითხი და გადაწყდება საქართველოს სასარგებლოდ, ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რადგან დანარჩენი უკვე ჩვენი შიდა ამოცანაა, რომ ეს რუსული რეჟიმი მოვიშოროთ, რაც პირდაპირ ცხრა პუნქტში წერია. ცხრა პუნქტი ხომ დიაგნოზია იმის, რაც ახლა საქართველოში ხდება. იშორებ „ქართულ ოცნებას“, ხდები დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი. მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, რადგან რაც უფრო დავშორდებით ამ ნაბიჯებს, მით უფრო დავშორდებით დაჩქარებული სრულუფლებიანი გაწევრიანების საკითხსაც. ამიტომ მაინც მინდა, ვიყო ოპტიმისტური და პოზიტიური ამ შემთხვევაში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.