გიორგი ვაშაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, არის გარკვეული ინდიკაციები, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებები შედგეს
გამარჯვებული, დამარცხებული ნამდვილად არჩევნების დღეს იქნება ოქტომბერში, მაგრამ ამ არჩევნებს სჭირდება ნორმალური მექანიზმი, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრის წინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან არის გარკვეული ინდიკაციები, რომ შეთანხმებები მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც საარჩევნო თემაზე, ასევე პატიმრებთან დაკავშირებით შედგეს. როგორ იქნება ეს და როგორ წავა პროცესი წინ, ნამდვილად არ ვიცი დეტალები. ის განცხადებები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში კეთდებოდა, გარკვეული კომუნიკაციები, რაც ჩვენ გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან, შევხედოთ, დაველოდოთ, რადგან მგონი ხალხი დაიღალა ამ ციფრებზე საუბრით და ყველას უნდა, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა. გამარჯვებული, დამარცხებული ნამდვილად არჩევნების დღეს იქნება ოქტომბერში, მაგრამ ამ არჩევნებს სჭირდება ნორმალური მექანიზმი, ამიტომ ჩვენ რაციონალურად ვითვალისწინებთ ყველაფერს, ვესაუბრეთ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას და გვაქვს გარკვეული მანდატები ამ საუბრის დროს. დანარჩენს გვიჩვენებს თვითონ ეს შეხვედრა. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ხშირად ყოფილა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, დაბალია, რადგან ბევრჯერ იცვლება პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.