როცა უკანონობა სამართალზე, სამართლიანობაზე მაღლა დგას, აქედან გამომდინარე წარმოიშობა ასეთი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა და უფლებები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად ხედავს ოპოზიციის პასუხისმგებლობის წილს, მით უფრო, რომ ნიკა მელიამ დემონსტრაციულად განაცხადა, არ გადაიხდიდა გირაოს თანხას, ასეთმა დამოკიდებულებამ შეუწყო თუ არა ხელი ვითარების პოლარიზებას, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სხვა გზა არ იყო დარჩენილი.
„პირველი, რომ სამწუხაროდ, სხვა გზა, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რაც ნიკა მელიამ მიიღო და მართლაც საკუთარ თავზე აიღო ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, არ იყო დარჩენილი. ამას უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღევანდელი განცხადებებიც ძალიან კარგად მოწმობს, რადგან არავინ საუბრობს ახლა კანონის აღსრულების სასწრაფო აუცილებლობაზე. ყველა საუბრობს შეთანხმებაზე, მოლაპარაკებებზე, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე. ეს ფაქტია და ცალსახაა. მეორე – შეცდომა და არასწორი ნაბიჯი გადადგმული იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, როცა ასეთ მწვავე სიტუაციაში, როცა ოპოზიცია ბოიკოტშია, როცა შეთანხმება ვერ დგება, კიდევ პროკურატურა აკეთებს განცხადებას, ცეცხლზე ნავთს ასხამს და იმუქრება, რომ დააპატიმრებს ოპოზიციონერ ლიდერს. ყველამ დავინახეთ, რომ აქ უკან დახევა შეუძლებელი იყო, მაგრამ მე ახლა მინდა, დაგიხატოთ ის სურათი, რამდენად პასუხისმგებლიანად მოვიქეცით ჩვენ ყველანი. პირდაპირ გეტყვით, ცალკე რომ შეგვეტოვებინა ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია ოპოზიციურ ლიდერებს, შეიძლება, ძალიან კარგადაც გადაეწყვიტა და სწრაფად თავს დასხმოდნენ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს. მაგრამ ჩვენ, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ასევე ვითამაშეთ მნიშვნელოვანი როლი და ვთქვით, რომ აქ ერთიანები ვართ, ხალხნო და ყველას მოვუწოდეთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი გზით, შეთანხმების გზით სვლისკენ. ჩემი, ჩემი ოპოზიციონერი პარტნიორების, მეგობრების გუშინდელი, გუშინწინდელი განცხადებები ამოიღეთ. თქვენ კი გინდათ და ხშირად ციტატებს იმეორებთ, რომელიც უფრო დაპირისპირებისკენ იყო ეს განცხადებები, მაგრამ განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა იყო შეთანხმებისკენ. მე ამას ვამბობდი პირველივე წამიდან, რომ მზად ვიყავი, ნებისმიერ ფორმატში დავმსხდარიყავით და შეთანხმებით მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი. დღესაც ამას ვამბობთ, რომ დიახ, პასუხისმგებლობით ვეპყრობით ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და მზად ვართ, დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ და რაციონალურად გამოვიდეთ ამ მძიმე კრიზისიდან. აი, საპირისპიროდ კი ჯერჯერობით ეს არ მესმის და არ მგონია, ახლა „ქართული ოცნება“ იყოს ბაქიბუქისა და გულზე მჯიღის ცემის სიტუაციაში. ახლა მათ გადაწყვიტონ – სახელმწიფოებრივი მიდგომა თუ ვიწროპარტიული მიდგომა; თანამშრომლობა და შეთანხმება თუ დაპირისპირება; ხალხისა და საზოგადოების მოთხოვნა, რომ კონსენსუსის გზით ვიაროთ თუ ისევ და ისევ კონფრონტაციისკენ სვლა. ეს მათი არჩევანია“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ნიკა მელიას მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობის სიმბოლურ აქტს.
„ეს იყო სიმბოლური აქტი იმ დაუმორჩილებლობის, რომელიც ამ უკანონო, უსამართლო სისტემამ წარმოშო. მეც, როცა საზღვარგარეთ ვიყავი, შეიძლება, ელექტრონული სამაჯური არ მომიხსნია, მაგრამ ჩამოვედი და სიმბოლურად დავარღვიე ის უსამართლო წესი, რომელიც დაგვიწესეს, რომ შიდა იზოლაციაში უნდა იყოო. სხვებმაც გააკეთეს მსგავსი ქმედებები, იცით, რატომ? იმიტომ, რომ როცა უკანონობა სამართალზე, სამართლიანობაზე მაღლა დგას, აქედან გამომდინარე წარმოიშობა ასეთი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა და უფლებები. და დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ აბსოლუტურად სწორი გზა იყო ის გზა, რაც ჩვენ აქამდე გავიარეთ. ამიტომ, მე ახლა სამართლებრივ კაზუისტიკაში კი არ შევიდოდი, მე შევხედავდი იმ განვლილ წლებს, რომელი წლების განმავლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლები და არა მხოლოდ, კონკრეტული ადამიანები ამბობდნენ, რომ მათ ჩაგრავდა სასამართლო, მათ ჩაგრავდა პროკურატურა, მათ უფლებებს ფეხქვეშ თელავდა, რას გვეუბნებოდა „ქართული ოცნება“ – მართლმსაჯულება, მართლმსაჯულება და დღეს, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად აღიარა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელსაც აქვს რაიმე ტიპის ნდობა. პატარ-პატარა კაზუისტიკური სამართლებრივი არგუმენტაციის დრო არ არის ახლა. ჩვენ უნდა დავინახოთ და გავიაზროთ ღრმა პოლიტიკური კრიზისული პროცესი და დავინახოთ, რომ გვჭირდება შეთანხმება, გვჭირდება მორიგება ამ სიტუაციაში, გვჭირდება თანაცხოვრება ქვეყანაში და არა იმაზე საუბარი, რომ იმან ეს კონკრეტული ნაბიჯი რომ გადადგა, ამან რაღაც გამოიწვია. ის ნაბიჯი, რაც გადადგა მაშინ, ის იყო თანმდევი იმ უკანონობების, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ბოლო წლებია, ქუჩიდან ქუჩამდე ვართ, პროტესტიდან პროტესტამდე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბარამიძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ყოფილიყო, ნიკა მელიას სამაჯურის მოხსნის დღესვე დაიჭერდა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ბარამიძის განცხადებებს არ იცნობს, თუმცა, „ქართული ოცნების“ ადგილზე რომ ყოფილიყო, სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.
„მე არ ვიცი, რა თქვა გიორგი ბარამიძემ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ მე, მაგალითად, გუშინ „ქართული ოცნების“ ადგილზე არ მივიღებდი გადაწყვეტილებას და არ გავუშვებდი პროკურატურას წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით. დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ მათ ჰქონდათ აბსოლუტურად მცდარი გადაწყვეტილება თავის მდგომარეობაში, რომ ეს არ იყო არაფერ შუაში სახელმწიფოებრივ მიდგომასთან. მე ყოველთვის ვფიქრობ, მაგალითად, აი, ამ კრიზისში შენ რა გადაწყვეტილებას მიიღებდი. მე, მაგალითად, დეესკალაციისკენ, შეთანხმებისკენ, შერიგებისკენ მივიღებდი გადაწყვეტილებას და ეს სისუსტე არ იქნებოდა. აი, ვისაც არ ესმის სახელმწიფოებრივი მიდგომა, ის ფიქრობს, რომ ახლა მე თუ სისუსტე ვაჩვენე, ამით მე თავს გადამივლიან. არა, ბატონებო, ასე მთავრდება, კრახით და თუ კიდევ უფრო დაძაბულობისკენ წავლენ და უფრო მეტი ესკალაციისკენ, უფრო მძაფრი კრახით დამთავრდება ეს ყველაფერი. ამის წინასწარ პროგნოზირება უკვე, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე შეიძლება. ამიტომ ყველამ უნდა შევხედოთ სახელმწიფოებრივი გადასახედიდან“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, კრიზისი განსამუხტია.
„ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, მე პირადად, მზად ვართ ამ კრიზისის განსამუხტად ვიაროთ შეთანხმების გზით. მზად ვართ, იმ მოწოდებას, ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება რომ გავრცელდა, მზად ვართ, ნებისმიერ დროს მივიდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველა ის ოთხი პუნქტი, რომელიც იყო განრიგში, განვიხილოთ. თქვენ მისვამთ საკითხს ორ, სამ განცხადებაზე და არ გინდათ, რომ ნახოთ 97 პროცენტი განცხადებების. მოდით, სამი პროცენტი ვთქვათ, რომ ვიღაცას რაღაც წასცდა ამ საუბრის დროს. მე პასუხს ვაგებ ჩემს განცხადებებზე და აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებზე, მათ შორის, ნიკა მელიას და ყველას განცხადება იყო მშვიდობიანი, არაძალადობრივი. მშვიდობიანი, მშვიდობიანი, მშვიდობიანი, ჩვენ ამას ვიმეორებდით. ახლა რამდენიმე ადამიანს წასცდა რაღაც სიტყვა, მე არ ვეთანხმები იმ გამონათქვამებში, გვქონდა საუბარი ამაზე შიგნით და ამ ადამიანებმა შეცვალეს კიდეც თავიანთი განცხადებები. მაგრამ ეს განვლილი პროცესია და განვლილი გზა არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, მშვიდობიანობა იყო მთავარი განმაპირობებელი, რამაც აბსოლუტურად შეცვალა დღეს გარემოება და არაძალადობრიობა ოპოზიციის ქმედების“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.