გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია არის ერთიანი, იყო ცოტა ნერვების საკითხი, თუმცა დღეს ყველაფერი დალაგდა, ყველა ადამიანმა, ვინც განცხადება გააკეთა, უკან წაიღო, ზოგმა პოსტი წაშალა
ოპოზიცია არის ერთიანი, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია. ვერავინ ვერასდროს შეიტანს განხეთქილებას ჩვენში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კანონის გაწვევით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ გზა აქვთ გასავლელი.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები ჯარიმის გარეშე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
„160-ზე მეტი პატრიოტი ქართველი, რომელმაც საქართველოს ღირსება დაიცვა, საპყრობილეებში ჰყავთ გამოკეტილი. არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს ხალხი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. მათ არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი უჩვენებიათ, გარდა სამშობლოს სიყვარულისა. ჯარიმა და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც გამოიყენა გადამეტებული ძალა ხალხის წინააღმდეგ, ვინც გამოიყენა წყლის ჭავლი ხალხის წინააღმდეგ, დილის 08:00 საათამდე მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდა რუსთაველზე, სადარბაზოებში დასდევდა ახალგაზრდებს, თითქოს ქუჩაში ფეხით გავლა იყოს დასჯადი.
მართლაც მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როცა საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, საბოლოოდ დავიხსნით თავს რუსული დავალებების შემსრულებელი რეჟიმისგან. დღეს, 19:00 საათზე დაანონსებულია აქცია, რომელსაც ვუერთდები. ყველას მოგიწოდებთ, მადლობა ვუთხრათ ერთმანეთს ერთად დგომისთვის და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ოპოზიცია არის ერთიანი, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია და ვერანაირი მდინარაძეები ვერ შეიტანენ განხეთქილებას ჩვენს ერთიანობაში. ვფიქრობ, იყო ცოტა ნერვების საკითხი, თუმცა დღეს ყველაფერი დალაგდა. ყველა ადამიანმა, ვინც განცხადება გააკეთა, უკან წაიღო. ზოგმა პოსტი წაშალა. ჩვენ, ყველა ვართ ერთიანი ერთი იდეის, საქართველოს იდეის გარშემო. ამიტომ ვერავინ ვერასდროს შეიტანს განხეთქილებას ჩვენში. ამ ერთიანობით გავაგრძელებთ. მოდუნება არ შეიძლება, მათი ნდობა არ შეიძლება, რადგან მათი რეგიონული მდივანი ამბობს, რომ საერთო ეროვნული კამპანიის დაწყებას აპირებენ, რათა ხალხს დაუმტკიცონ, რა მაგარი კანონია ეს. კარგია, რომ წერილი გამოხმობაზე წასულია ვენეციის კომისიაში, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ.
ყველაფერზე, ყველა ჩემს სიტყვაზე ქართველი ხალხის, ჩემი სამშობლოს წინაშე ვიღებ პასუხისმგებლობას. არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას. მშვიდობიან მომიტინგეებს დაუპირისპირდა ძალა, ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის რეალობა. უმარტივესად შეიძლებოდა ამ ყველაფრის ჩახშობა. რამდენიმე ადამიანი იყო ფანჯარასთან ასული, ჩემი ხელით ჩამოვიყვანე, რომ განმუხტულიყო სიტუაცია. დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა. ყველა აქციაზე, სადაც შევკრებილვართ, ყოველთვის ვაკეთებთ წრეს, ალყას პარლამენტის გარშემო და ახლა რა ნახეს? ვფიქრობ, იმით, რომ ნინო ლომჯარიამ „ფეისბუქიდან“ პოსტი წაშალა, ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ, მთავარია, ერთიანობაში განხეთქილება არ შევიტანოთ. ხალხი რა მოთხოვნასაც დააყენებს, ის იქნება და იმას დავემორჩილები მეც. რა მოთხოვნაც დავაყენე, ხალხმა ხელის აწევით მხარი დაუჭირა. ამ მოთხოვნის მანდატი მომცა ხალხმა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.