გიორგი ვაშაძე - ნიდერლანდების მმართველი პარტიის საერთაშორისო მდივანთან ვისაუბრეთ იმ ბერკეტებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრ პარტიებს საქართველოს დასახმარებლად აქვთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ბრატისლავაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ პირველი შეხვედრა ნიდერლანდების მმართველი პარტიის საერთაშორისო მდივანთან, ლაურა გრონენდაალთან გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს და ნიდერლანდების მმართველი პარტიისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორმხრივ ურთიერთობებს.
„ნაყოფიერად ჩაიარა შეხვედრამ ნიდერლანდების მმართველი პარტიის (VVD) საერთაშორისო მდივანთან, ლაურა გრონენდაალთან. ვისაუბრეთ ორ ძირითად თემაზე: პირველი, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და იმ ბერკეტებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარტიებს აქვთ ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად, რაც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ლობირებას და რეკომენდაციების შესრულებაში დახმარებას. მეორე საკითხი იყო ორმხრივი ურთიერთობები „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და VVD-ს შორის. ასევე დაიგეგმა ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების ნაბიჯები, მათ შორის მემორანდუმის გაფორმება და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტია რამდენიმე დღის მანძილზე სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრებს ბრატისლავაში განაგრძობს.
ინფორმაციას პარტია „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის“ და საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ პრესსამსახური ავრცელებს.