გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებულს ვულოცავ, დამარცხებულ კანდიდატებს მოვუწოდებ, ახლა მაინც შეწყდეს ურთიერთთავდასხმები
გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებულს ვულოცავ, დამარცხებულ კანდიდატებს მოვუწოდებ, ახლა მაინც შეწყდეს ურთიერთთავდასხმები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ულოცავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას, ხოლო დამარცხებულ კანდიდატებს მოუწოდებს, შეწყდეს ურთიერთთავდასხმები და ბრალდებები.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე დაქსაქსულობა არის ის, რაც აძლიერებს „ქართულ ოცნებას“.

„ჩემი აზრით, არჩევნები იყო ძალიან მძიმე. რაღაც კლიშეების დამკვიდრებას ნამდვილად არ უნდა შევუწყოთ ხელი. მჯერა, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრი მხარდამჭერის, რომელიც არის ღიად, გამოხატულად პატრიოტული, ძლიერი საქართველოს და ევროპული ინტეგრაციის მომხრე, მონაწილეობა იმ დიდ ცვლილებებსა და დიდ გამარჯვებაში, რომელიც იქნება მომავალში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე გამოვდივარ ჩემი სამშობლოს ინტერესებიდან. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვებულს ვულოცავ, ვინც დამარცხდა, სხვა კანდიდატებს მოვუწოდებ, იქნებ ახლა მაინც შეწყდეს ურთიერთთავდასხმები და ბრალდებები, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე დაქსაქსულობა არის ის, რაც აძლიერებს უმცირესობაში მყოფ უსუსტეს „ქართულ ოცნებას“. ერთადერთი, რაც მას ანარჩუნებინებს ხელისუფლებას, არის ოპოზიციურ ფლანგზე ეს თავდასხმები. ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც კლიშეების დამკვიდრება მერწმუნეთ, ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს. ჩვენ გადასარჩენი გვაქვს ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო. აქედან გამომდინარე, ერთიანობას, სწორ გზავნილებს, სწორ ბრძოლას, სწორ ნაბიჯებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ შეიცვლება პარტიის იდეოლოგია და რა მოლოდინები აქვს მას, ვაშაძე პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

„ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი შევიკრიბოთ 24 თებერვალს. გაცხადებული გვაქვს, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ადამიანთან, ვისაც უნდა პრორუსული „ქართული ოცნებისგან“ ქვეყნის გათავისუფლება. დანარჩენი, დავაკვირდებით, რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ოპოზიციაში შიდა განხეთქილებებს უნდა შევეშვათ და ვკონცენტრირდეთ მთავარზე, უსუსტესი „ქართული ოცნება“ მარტივად ჩამოსაშორებელია ხელისუფლებიდან, თუ ოპოზიციურ ფლანგზე არის ერთიანობა. თუ არის დაქსაქსულობა, ურთიერთბრალდებები, მეშვიდეხარისხოვან საკითხებში ჩაციკვლა, ასეთ შემთხვევაში სუსტი „ქართული ოცნებაც“ კი შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩამოშლილია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, ძალიან მძიმე დღეში არიან. ერთადერთი, რაც მათ გადაარჩენს, არის ოპოზიციის ფლანგზე დაქსაქსულობა და ურთიერთავდასხმები. რადგან არჩევნები დასრულდა, იმედი მაქვს, დამთავრდება ეს მძიმედ მოსასმენი პროცესი და იქნება ბრძოლა დიდი გამარჯვებისთვის. დიდი გამარჯვება კი ნიშნავს ეროვნული ძალების კონსოლიდაციას, ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს, რომელიც ღალატის პარტია „ქართული ოცნებისგან“ გაათავისუფლებს საქართველოს, მოიტანს ევროპას, ნატო-ს, განვითარებას და კეთილდღეობას“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.