გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას შეცდომის გამოსწორების მცდელობად აფასებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მათი მხრიდან არის აღიარება, რომ თავის დროზე „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შეთანხმებაზე შეერთებით სწორი გდაწყვეტილება მიიღო.
გიორგი ვაშაძე ხელმოწერაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას შეცდომის გამოსწორების მცდელობად აფასებს.
„ეს არის აღიარება, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო, როცა დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ. ეს არის შეცდომის გამოსწორების მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. იმ შეცდომის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების დატოვების რაღაც საბაბი მისცა. აი, ეს ორპოლუსიანობა უნდა შევცვალოთ ჩვენ ამ არჩევნებით. „ქართული ოცნება“, რომელმაც ხელი მოაწერა და ამ დოკუმენტიდან გავარდა, თავისი ჭკუით ეს დოკუმენტი მიატოვა და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ახლა შეუერთდა ამ დოკუმენტს, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ვინ იღებს ყოველთვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს. როცა გადაწყვეტილებას იღებ, ეს არა ერთდღიანი, არამედ გრძელვადიანად გათვლილი უნდა იყოს. ჩვენ, ხელმომწერი მხარეები მაშინ თავდასხმის ობიექტები გავხდით მხოლოდ იმიტომ, რომ დავინახეთ, შარლ მიშელის დოკუმენტი იყო საქართველოს ევროპული პერსპექტივის და ქვეყნის განვითარების გზა. კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს შეცდომა აღიარა.
ჩემთვის დოკუმენტი ძალაშია, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის დოკუმენტი არის ძალაში. ამ არჩევნებს აქვს რეფერენდუმის ფორმა და დარწმუნებული ვარ, ყველა პუნქტს ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივიღებთ, როგორც შესრულებულ პუნქტებს, რადგან ეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სჭირდება. ცვლის თუ არა რამეს ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა, ამას დრო გვაჩვენებს. მე როგორ უნდა გითხრათ, შეცვლის კარდინალურად რამეს თუ არ შეცვლის. კარგია შეცდომის აღიარება. დასავლეთის თვალშიც კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა აღიარა. ვწუხვარ, რომ ემოციური, აღვირახსნილი თავდასხმებია ხოლმე განსხვავებულ აზრზე, რომელიც დღეის მდგომარეობით, სწორი აღმოჩნდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.