გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე - დაარღვევენ? მივალ და მე დავშლი, ვეტყვი, წაეთრიეთ აქედან-მეთქი, თუ საჭირო გახდა, ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა
დაარღვევენ? მე მივალ და მე დავშლი, ვეტყვი აქციაზე მონაწილეებს, რომ წაეთრიეთ აქედან-მეთქი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.
ვაშაძის თქმით, მზად არის, თავადაც იკისროს ეს პასუხისმგებლობა.
„მეტი რაღა უნდა თქვას, დაარღვევენ? მე მივალ და მე დავშლი, ვეტყვი აქციაზე მონაწილეებს, რომ წაეთრიეთ აქედან-მეთქი. თუ კაცი კვდება და საჭირო გახდა, ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მზად ვარ. არ არის პრობლემა, არ გამიჭირდება, მივიდე, მზად ვარ, მეც ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა. ხომ არ უნდა დავკარგოთ ყველაფერი? ბედნიერებას არ მოუტანს ამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება, უბედურებას მოუტანს, ეს უნდა გავიაზროთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში თუ გადაიყვანენ, კრიტიკული სიტუაცია არ იქნება.
„ჩვენ შეიძლება, განსხვავებული შეხედულება გვქონდეს, მაგრამ პირველ რიგში, ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ინტერესები დგას ასევე აქ. ღმერთმა დაგვიფაროს, მესამე პრეზიდენტის სიკვდილი ამ ქვეყანას არაფერში წაადგება, ეს იქნება ლაქა ჩვენი ისტორიისთვის. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ეს და არა ის, რომ გავამწვავოთ სიტუაცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.