გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ გინდ ასე შევიდეს პარლამენტში, გინდ ისე, რა მნიშვნელობა აქვს, საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები მისაღებია
„ნაციონალური მოძრაობა“ გინდ ასე შევიდეს პარლამენტში, გინდ ისე, რა მნიშვნელობა აქვს, საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები მისაღებია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პარტია დროულად უნდა შეუერთდეს საპარლამენტო მუშაობას, რაც მათთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც.
„მართლა, რაღაცა ზღვარი ხომ აქვს? ჩემი აზრით, აღარ აქვს ამ გაჭიანურებას დრო. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ აქეთ იუსტიციის საბჭოზე ცდილობს რაღაცებს, იქეთ კანონპროექტების გაპარებას. ყოველ დღე ის რამდენიმე დეპუტატი, რაც ვართ, ყოველწუთიერად გავდივართ კანონს, რის გაპარებას ცდილობს „ქართული ოცნება“. მე არ ვამბობ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, არამედ სხვა, ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე. ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს დავა და დროულად შეურთდნენ შეთანხმებას. სწორი იქნება ეს ქვეყნისთვისაც, მათთვისაც, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი დასავლური რეპუტაციისთვის და ჩავერთოთ იმ ინტერესების დაცვაში, რაც დღეს ხალხს აქვს. გინდა ასე შევიდნენ, გინდა ისე შევიდნენ, გვერდის ავლით ან გვერდის შემოვლით, რა მნიშვნელობა აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია, საარჩევნო ცვლილებები მისაღებია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.