გიორგი ვაშაძე - მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევასა და საქმის გაყალბებაშია ჩართული
„ქოლცენტრების“ იმიტირებულ საქმეზე დამატებითი გარემოებები ვლინდება, რაც იმას ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევასა და საქმის გაყალბებაშია ჩართული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სპეცსამსახურების მიერ არახამიას შერჩევა იმის გამო მოხდა, რომ ჩემი გვარი დავით არახამიასთან დაეკავშირებინათ და ბრალდება შეეთითხნათ.
„„ტვ პირველის“ გადაცემაში მიხეილ არახამიას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი მეუღლე საქართველოში აღარ იმყოფება. ეს ადამიანი არის უმუშევარი და მან საქართველო დატოვა, რაც თავისთავად ქმნის ეჭვს, რომ ის ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე გაიყვანეს ქვეყნიდან და ამის შემდეგ ხდება ჩემ წინააღმდეგ ბრალდების შეთითხნა.
იუსტიციის სამინისტროს რეგისტრირებული აქვს კომპანია მისამართზე, რომელიც მას აღარ ეკუთვნის. სარეგისტრაციო დოკუმენტებში მესაკუთრის თანხმობა საერთოდ არ იძებნება. უფრო მეტიც, სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელიც მას არ ეკუთვნის და აღნიშნულ ნომერზე სრულიად სხვა ადამიანი პასუხობს.
13 აპრილს იუსტიციის სახლში რეგისტრირდება კომპანია, რომელსაც მისამართი, სავარაუდოდ, არასწორად აქვს მითითებული და მითითებული აქვს ტელეფონი, რომელიც საერთოდ სხვა პიროვნებას ეკუთვნის.
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, გაასაჯაროოს, თუ როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო. მივმართავ იუსტიციის მინისტრს და სამინისტროებს, გაასაჯაროოს მტკიცებულება, რატომ მოხდა აღნიშნული კომპანიის, ფაქტობრივად, ყალბ მისამართზე რეგისტრაცია და რატომ მოხდა სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი ტელეფონის ნომერი.
სწორედ ეს მიუთითებს ორკესტრირებულ შეთითხნილ იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომლის უკანაც მთელი სახელმწიფო სისტემა დგას და რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამჟღავნებამდე საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს ინფორმაციას აწვდის. რომელიც მავნებლურად, მონაცემების გაყალბებით კვლავ ცდილობს ამ საქმესთან ჩემი და ჩემი ძმის სახელის დაკავშირებას. ყველანი აგებთ პასუხს დანაშაულზე. ამ საქმეს არ მოვეშვები. ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი ბრალდება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სახელმწიფო სისტემა, რომელიც ხელს ითბობს ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ამით საკუთარ პარტიას აფინანსებს, აფინანსებენ და ითბობენ ხელს მაღალი თანამდებობის პირები და ახლა უნდათ, ეს ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ, არ გაგივათ.
პირდაპირ ვამბობ – სპეცსამსახურების მიერ არახამიას შერჩევა იმის გამო მოხდა, რომ ჩემი გვარი დავით არახამიასთან დაეკავშირებინათ და ბრალდება შეეთითხნათ. სავარაუდოდ, ეს საწყალი უმუშევარი ადამიანი ფინანსურად დააინტერესეს, კომპანია დაარეგისტრირებინეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ამ ყველაფრის უკან მთელი სახელმწიფო სისტემა დგას“, – განაცხადა ვაშაძემ.