ნიკა მელიას რა პოზიციაც აქვს, ურთულესი იქნება, ჩემი აზრით, სხვა პოზიცია ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, ვაპირებ, ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„გარდა ამისა, ამნისტიის კანონის მიღებამდე, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევძლოთ მისი უფრო ადრე გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიის კანონი იქნება მიღებული“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მელიას და სხვა პროტესტში მონაწილეების საქმის დასრულების ერთადერთი გზა ამნისტიის პროექტია.
„არასწორი ინტერპრეტაციები რომ დასრულდეს, გირაო არ არის ალტერნატივა ამნისტიის კანონის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, მელიას საქმე და სხვა პროტესტში მონაწილეების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის პროექტი, რადგან გირაო რომც გადაეხადა ევროკავშირს, ეს ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმროდან, შეიძლება ისევ შეებრუნებინა „ქართულ ოცნებას“ და ნიკა მელიას ჩასვამდნენ განმეორებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, გმობენ ამნისტიას და მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რათა შევიდნენ პარლამენტში, ამით პილატე პონტოელის პოზიციას ითავსებენ.
„ასევე მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ერთი მხრივ, გმობენ ამნისტიას და მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის პილატე პონტოელის პოზიცია. ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ პროცესით გინდათ, რომ შედეგი მიიღოთ. ჩემი აზრით, სახელების და გვარების ჩამოთვლა არ არის საჭირო, რადგან სია ძალიან გრძელია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამნისტიაზე საუბრისას ვაშაძემ განმარტა, რომ მძიმე მუხლების ამნისტირება არ ხდება, რადგან კონვენციის მიხედვით, ამისი უფლება არ აქვთ.
„კიდევ ერთი სპეკულაცია, რომ თვალების დამთხრელზე გავრცელდება ამნისტიის კანონი, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რადგან თვალების დათხრა არის კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედება, რომლის ამნისტიის უფლება არ გვაქვს ჩვენ. რომ შევაჯამოთ, სამშაბათს მივდივართ პარლამენტში, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რის შემდეგაც, პრეზიდენტი იწყალებს გიორგი რურუას, ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს, რომელიც ვრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც ახლა არის პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ ვერ გავრცელდება კონვენციით დაცულ მუხლებზე, რადგან ამის უფლება საქართველოს პარლამენტს არ აქვს. მესამე, ვმუშაობთ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში ნიკა მელიას გათავისუფლებაზე და ყველაზე გვიან, ამნისტიის კანონის მიღებით, ნიკა მელია გათავისუფლდება. ეს არის შინაარსი, რასაც მოვაწერეთ ხელი.
ხაზს ვუსვამ, სწორედ დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არა დროებით გადაწყვეტილიყო ნიკა მელიას საკითხი, გირაოს გადახდით, არამედ საბოლოოდ გადაწყვეტილიყო ამნისტიის კანონით. პირდაპირ გვითხრეს, არ გვინდა ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან თქვენთან ჩამოსვლა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიწყო ნიკა მელიას გათავისუფლების მოლაპარაკებები ამ ქვეყანაში. მგონია, ამით ყველაფერი ნათელია, ყველა ინტერპრეტაციას წერტილი დასმული აქვს. ვინმეს თუ რამე კითხვა აქვს, მზად ვარ, ვუპასუხო. პოლიტიკურ სპეკულანტებს მინდა, ვუპასუხო, მოეშვით სპეკულაციას და საქმეს მიხედეთ, მოვეშვათ პოლიტიკურ კეკლუცობას ტელევიზიებით, რომ რა მაგარი ბიჭი ვარ, ამნისტია არ მინდა და ველოდები ამნისტიას, რომ პარლამენტში შევიდე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება საკითხს, რომელიც მელიას ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლებას ეხება, ამასთან დაკავშირებით ვაშაძემ განაცხადა, რომ შეთანხმების ნაწილი არ არის.
„ეს არ არის შეთანხმების ნაწილი, მაგრამ მეც პირადად, ვმუშაობ იმისთვის, რომ ეს და ნებისმიერი სხვა მექანიზმი იქნას გამოყენებული შეთანხმების ფარგლებს გარეთ, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს. მაგრამ ზუსტად ვიცი, საბოლოო ვადა, როცა გათავისუფლდება ნიკა მელია, ეს არის ამნისტიის კანონის მიღება. თავდებობა, გირაო, ისე გამოშვება, როგორც არ უნდა იყოს, თუ ამნისტია არ მივიღეთ, არ იხურება მელიას საქმე. მარტო მელიაზე არ არის საუბარი, პროტესტში მონაწილე სხვა პირების საქმეც.
დასავლეთმა მკაფიოდ გვითხრა, ამნისტიის პროექტი დაიდოს, მეორედ აქ აღარ ჩამომიყვანოთ პოლიტპატიმრებზე. ეს ამნისტიის კანონი გავრცელდება ყველა საქმეზე, რაც არის აღძრული ახლა, ეს არის შეთანხმება. 150-ვე პარლამენტარს რომ უნდოდეს, ვერ გავრცელდება კონვენციით დაცულ მუხლებზე, რადგან კონვენციის მონაწილე ვართ. თვალის დათხრა არის არაადამიანური მოპყრობა და ამაზე ვერ გავრცელდება, არც მაკო გომურის და არც ერთი ადამიანის თვალის დათხრაზე პასუხისმგებელი ადამიანი არ არის მიცემული პასუხისგებაში. რაზე ვლაპარაკობთ, მიკვირს ხოლმე, ძალიან ხშირად გაუნათლებლობის ეპოპეაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეთანხმების დოკუმენტზე საუბრისას ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს თამარ ჟვანიას გადადგომას, რაზეც დოკუმენტის პირველი ვერსიის გამოქვეყნების დღიდან შეთანხმებულები იყვნენ.
„დოკუმენტი არ ითვალისწინებს თამარ ჟვანიას გადადგომას და ამაზე შეთანხმებული ვიყავით ორი კვირით ადრე, როდესაც გამოქვეყნდა დოკუმენტის პირველი ვერსია და ითქვა, რომ პირველ სამ პუნქტს ოპოზიცია აწერდა ხელს. ამაზე შეთანხმდა ყველა ოპოზიციური პარტია და ყველა მონაწილე მხარე. იქნებ, ტექსტი ვინმემ წაიკითხოს, რა წერია დოკუმენტში. თამარ ჟვანია თუ დარჩება, ის იქნება ჩვეულებრივი უუფლებო რიგითი წევრი, ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლების გარეშე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2/3 აკომპლექტებს საოლქო-საარჩევნო კომისიების პროფესიულ ნაწილს. 2/3 ოპოზიციის გარეშე, სულ რომ ჩამწკრივდეს „ქართული ოცნებით“, არ აქვს თამარ ჟვანიას.
შესაბამისად, თამარ ჟვანია, მთავარ გამყალბებლებს, ვისაც ამწესებდა საოლქო-საარჩევნო კომისიებში, სადაც ყალბდება არჩევნები, ამას ვერ გააკეთებს. უფრო მეტიც, საუბნო-საარჩევნო კომისიებში, საუბნო კომისიების პროფესიული ნაწილი კომპლექტდება უმრავლესობას პლუს ერთი ხმით, ანუ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება ვერც საუბნო-საარჩევნო კომისიების პროფესიული ნაწილის დაკომპლექტება. ახლა მითხრას ვინმემ ერთი პრეცედენტი, საქართველოში კი არა, მთელ რეგიონში, სადმე თუ მიაღწია ოპოზიციამ იმას, რომ მის გარეშე გადაწყვეტილება ვერ მიიღება ვერც ცესკო-ში, ვერც საუბნოში, ვერც საოლქოში. წერა-კითხვა უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ვლაპარაკობთ დოკუმენტზე, დოკუმენტი წავიკითხოთ და გააზრების თავი გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.