გიორგი ვაშაძე - მოგიწოდებთ, ნიკა მელიას დაკავებაზე ხელი აიღოთ და დაუყოვნებლივ დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება
გიორგი ვაშაძე - მოგიწოდებთ, ნიკა მელიას დაკავებაზე ხელი აიღოთ და დაუყოვნებლივ დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება

პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური ფონი არსად გამქრალა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სრულიად ოპოზიციური სპექტრი მზად არის შეთანხმებისთვის.

„გუშინ ყველას ერთიანი ძალისხმევით თავიდან ავირიდეთ ძალიან მძიმე კრიზისი, ძალიან მძიმე დაპირისპირება, რომელიც შეიძლება მომხდარიყო. თუმცა დღეს ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური ფონი არსად გამქრალა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ყველა მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი – დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა. სრულიად ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელი“, მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო, აშშ, ევროკავშირი – ყველა ჩვენი მხარდამჭერი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება. ჩვენმა მეგობარმა ელჩებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები უნდა მოიცავდეს იმ ოთხივე მოთხოვნას, რაც ოპოზიციამ თავიდანვე წარადგინა.

„მოლაპარაკებები უნდა შეეხებოდეს ოთხივე საკითხს, რომელიც იყო წაყენებული ოპოზიციის მხრიდან. უპირველე ყოვლისა, სამართლებრივად უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას დაკავების საკითხი და იმედი მაქვს, ამ თემაზე აღარც კი ფიქრობს „ქართული ოცნება“. მეორე – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა და უნდა დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება. აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს საარჩევნო რეფორმა ისე, როგორც ეს იყო მოლაპარაკების მაგიდასთან. რაც მთავარია, შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნების თარიღზე. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის სრულ ნორმალიზებას მოახდენს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, უარი თქვან ნიკა მელიას დაკავებაზე და დაიწყონ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ღარიბაშვილს, კობახიძეს, ივანიშვილს თუ ნებისმიერ ადამიანს – მეგობრებო, არ არის ახლა ის დრო, როცა ჩვენ უნდა წავიდეთ დაპირისპირების გზით. არ შეიძლება პროცესის გაწელვა, არ შეიძლება მოლოდინის გაწელვა.  დაუყოვნებლივ მოგიწოდებთ, ნიკა მელიას დაკავებაზე ხელი აიღოთ და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ქვეყანაში დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

„ოპოზიციამ ძალიან ბევრი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და დღესაც სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ მოხდეს შეთანხმება, სიტუაციის ნორმალიზება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ დავასრულოთ ქვეყანაში დაპირისპირება და დავიწყოთ ნორმალური განვითარების პროცესი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივცეთ შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას მომდევნო პერიოდში და რაც მთავარია, მივცეთ საქართველოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის განცხადებით, „გზავნილები, რომელიც გვესმის დასავლელი პარტნიორებისგან, ძალიან ცალსახად მიუთითებს, რომ ვართ მძიმე რისკის წინაშე, საბოლოოდ ავცდეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილებში უკვე პირდაპირ გაჩნდა რიგგარეშე არჩევნების, როგორც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტის მექანიზმის, გზავნილი ზოგადად შექმნილ ვითარებაში. ასე რომ, ველოდებით, დრო არ ითმენს. ასე ვერ გაგრძელდება. მოლოდინში ვერ ვიქნებით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაივიწყეთ ნიკა მელიას დაკავება, ჩავაბაროთ ეს თემა წარსულს, ამას შესაბამისად სამართლებრივად მივხედოთ. დავალაგოთ ეს საკითხი და დავიწყოთ მოლაპარაკებები. გათავისუფლდეს გიორგი რურუა და მოვემზადოთ რიგგარეშე არჩევნებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.