გიორგი ვაშაძე - მხარს ვუჭერთ სააკაშვილის არა მხოლოდ „ვივამედში“, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანას
გიორგი ვაშაძე - მხარს ვუჭერთ სააკაშვილის არა მხოლოდ „ვივამედში“, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანას

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს ვუჭერთ სააკაშვილის არა მხოლოდ „ვივამედში“ გადაყვანას, არამედ ჰუმანუტარული მიზნებისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა ცოტა ხნის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხის ქვეშ არ იდგეს.

„ვივამედში“ გადაყვანის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ მართლაც ძალიან მძიმე ვითარებაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ „ვივამედში“ გადაყვანას, არამედ ჰუმანუტარული მიზნებისთვის მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა მექანიზმს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიეხმარება. ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. ეს ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ზოგადად, საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხის ქვეშ არ იდგეს. მეორე მხრივ, ეს ნაბიჯი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ, ყველა ასეთ ინიციატივას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობის საკითხს, ვაშაძემ თემის შეფასებისას აღნიშნა, რომ მზად არიან ყველა საკითხის მხარდასაჭერად, რაც ჰუმანიტარული მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას შეუწყობს ხელს.

„უცხოეთში ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაყვანას რაც ხელს შეუწყობს, მზად ვართ, ყველა საკითხს მხარი დავუჭიროთ. ეს დღეს საქართველოს სჭირდება“, – განაცხადა ვაშაძემ.