გიორგი ვაშაძე - მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, დადგა დრო, როცა გაქვთ შესაძლებლობა, დიდი წვლილი შეიტანოთ შეთანხმებაში და შეიწყალოთ რურუა რაც შეიძლება სწრაფად
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიესალმება „ქართული ოცნების“ მზადყოფნას, რომ განიხილონ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტი.
მისივე თქმით, იმედი აქვს, შედგება შეთანხმება და დაიწყება მისი იმპლემენტაცია.
„ძალიან კარგი, რომ მზად არიან, განიხილონ ეს დოკუმენტი, მივესალმები ამას. იმედია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც დროულად იქნება, ოპოზიციურ ფორმატებშიც გვექნება საუბარი და მე იმედი მაქვს, რომ ის, რაც უნდა ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევით საზოგადოებას, მოხდება შეთანხმება და დავიწყებთ ამ ურთულესი შეთანხმების იმპლემენტაციას.
ეს შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებიდან დაწყებული, მოიცავს უამრავ საკანონმდებლო ცვლილებას, ახალ ინიციატივებს, რომლებმაც ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს გარემო. ეს უნდა გვესმოდეს, რადგან მე ზოგიერთი მაკვირვებს, რომ ამბობენ, არაფერი ამ შეთანხმებაში არ არისო. მეგობრებო, ასე არ შეიძლება საუბარი. მე ხომ არ ვამბობ, რომ ყველაფერია ამ შეთანხმებაში, მაგრამ ამ შეთანხმებაში არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ახლა შეიძლებოდა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების სახით მხარდამჭერი გზა ევროპული ინტეგრციისკენ. მე ამ დოკუმენტს დავარქმევდი გზას შემდგომი ევროპული, ევროატლანტკური ინტეგრაციისკენ. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძე მიმართავს სალომე ზურაბიშვილს, რომ ახლა მას აქვს შესაძლებლობა, დიდი წვლილი შეიტანოს პოლიტკურ პარტიებს შორის შეთანხმებაში.
„კიდევ ერთხელ მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მე მგონი, დადგა ის დრო, როცა თქვენც გაქვთ შესაძლებლობა, რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანოთ ამ შეთანხმებაში და მემგონი, შეწყალების დრო მოვიდა. გთხოვთ, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული მექანიზმი და შეიწყალოთ რურუა რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, რომ „დადგა დრო, ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო გაერთიანდეს“, – ვაშაძე მიიჩნევს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.
„ამაზე მსჯელობა არ გვქონია. ჩემი აზრით, ადრეა ამაზე საუბარი. ჩვენ გუნდს გვაქვს ჩვენი ხედვა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ ამაზე მომავალში ვიმსჯელებთ“, – დასძინა გიორგი ვაშაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.