გიორგი ვაშაძე - მივმართავ ირაკლი კობახიძეს, კვლავ თუ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე პერსონალური
ირაკლი კობახიძეს მივმართავ, დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 19 აპრილის შეთანხმების კონკრეტულ შინაარსზე მიგითითათ. თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, გელოდებათ სანქციები როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე პერსონალური, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, მძიმე შედეგი დადგება.
„მივმართავ ირაკლი კობახიძეს, შარლ მიშელის მესამე ნაწილი მართლმსაჯულებას ეხება. თქვენ გინდათ, რომ ეს ყოველთვის უკუღმართად წაიკითხოთ და ისე განმარტოთ, როგორც გჩვევიათ. დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 19 აპრილის შეთანხმების კონკრეტულ შინაარსზე მიგითითათ. პირდაპირ გეუბნებით, თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე პერსონალური.
დამერწმუნეთ, ამ შეთანხმების მთავარი ღირებულებაა, რომ ჩემი ხელმოწერაც არის, სხვა ოპოზიციური პარტიებისაც და რაც მთავარია, ამაზე ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს. თუ ამ ბეჭედს თავზე გადაუვლით, თქვენ ძალიან მძიმე დღე დაგიდგებათ თქვენს პარტიასთან ერთად – ახლა დაბრძანდით, თქვენს პოლიტსაბჭოსთან და მარჩენალებთან ერთად და მოიფიქრეთ, როგორ აირიდებთ თქვენ პერსონალურ სანქციებს და როგორ აარიდებთ სახელმწიფოს. ამას თუ არ გააკეთებთ, ძალიან, ზე ძალიან მძიმე დღე გელოდებათ ამ ისტორიული დოკუმენტის დარღვევისთვის. სწორედ ამაშია შარლ მიშელის შეთანხმების ფასი. თუ შეთანხმებას გადაუვლით, შეთანხმების ინტერპრეტირებას დაიწყებთ, ძალიან ცუდი დღე დაგადგებათ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მაკროფინანსურ დახმარებაზე იქნება წინაპირობები? – ეს არის 75 მილიონი ევროს მიღებაზე საუბარი. სახელმწიფო მდივნის სპიკერმა განაცხადა, რომ სანქციებზე წინასწარ არ ვლაპარაკობთ, პირდაპირ სიურპრიზად გამოგიცხადებთო? სენატის რეზოლუციაში არის მითითებული, რომ თუ შეთანხმება დაირღვევა, მაშინ ამერიკიდან ფინანსურ დახმარებას საქართველო ვერ მიიღებს? ესეც არ ეყოფათ, პირდაპირ პერსონალურ სანქციებზე გადავლენ. ოპოზიციიდან ვიღაცები რომ გვიმტკიცებენ, დოკუმენტს ხელი რატომ მოაწერეთო, იცით, რატომ მოვაწერეთ ხელი? – ბლინკენს ეს განცხადება რომ გაეკეთებინა და ევროკავშირს ეთქვა, მაკროფინანსურ დახმარებაზე სანქციებს გავაკეთებთო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.