გიორგი ვაშაძე - მინდა, თანამებრძოლების რაოდენობა გავზარდო, რათა გაცილებით მძლავრი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი შევქმნათ
ორი დიდი ცენტრია დღეს – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. ახლა საჭიროა მესამე მძლავრი ცენტრი, რათა ქვეყანამ ნორმალური განვითარება დაიწყოს, ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
ვაშაძემ კომენტარი გააკეთა ახალი გაერთიანების შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით.
„დიახ, ჩვენი გზები გაიყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დავაფუძნეთ არჩევნებამდე სამი თვით ადრე და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ მხარდაჭერების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ახლა დრო არის შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ასეთი კოლაფსების წინაშე არ იდგეს მუდმივად ქვეყანა. მინდა, თანამებრძოლების რაოდენობა გავზარდო, რათა გაცილებით მძლავრი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი შევქმნათ, მინიმუმ მხარდამჭერთა 30%-ის რესურსი არის, რაც აუცილებელია, რომ ეს ორივე მხარე დავამშვიდოთ და ეს იყოს მთავარი ღერძი ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების“, – განაცხადა ვაშაძემ.