გიორგი ვაშაძე - მიხარია, რომ ჯერ ელჩის დონეზე არ არის ინფორმაცია საქართველოს გავლით სანქციებისთვის გვერდის ავლაზე
მიხარია, რომ ჯერჯერობით ელჩის დონეზე არ არის ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბრიტანეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მარკ კლეიტონი ამბობს, რომ არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.
ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური საკანონმდებლო ბაზა, რათა გარანტირებულად ვერავინ შეძლოს საქართველოს გავლით სანქციებისთვის გვერდის ავლა.
„მიხარია, რომ ჯერჯერობით ელჩის დონეზე არ არის ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება სანქციების გვერდის ავლა, მაგრამ ვიდრე ბრიტანეთში წავალთ, ვიდრე ამერიკაში და უკრაინაში წავალთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უკვე სამი კვირაა, აყენებს საკითხს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური საკანონმდებლო ბაზა, რათა გარანტირებულად ვერავინ შეძლოს საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლა.
სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს მატყუარა ოცნებების პარტია თავისი მატყუარა ლიდერებით. რატომ არ აკეთებს, ჩემში ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს იწვევს. იქამდე თუ მივიდა, რომ ბრიტანეთმაც და ამერიკაში, თეთრ სახლში შექმნილმა ჯგუფმა დაადასტურა, რომ სანქციების გვერდის ავლა საქართველოს გავლით ხდება, ძალიან ცუდი ბედი ელის პირველ რიგში, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან დამაზიანებელი იქნება საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. მისივე შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში.
ამასთან, ელჩის განმარტებით, იხილა ძლიერი პასუხი ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები მუშაობენ მჭიდროდ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროები მუშაობენ, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება.