გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, ქართული პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას მიხეილ სააკაშვილიც თუ გააკეთებს
მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას თუ გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ, რომელიც ქვეყანაში მოიტანს მეტ სტაბილურობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, ფიქრობს, რომ როდესაც ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, კარგი იქნებოდა რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის დაეთმო. ასეთ შემთხვევაში, ვაშაძის თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართებოდა.
„ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის – დაფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური პოლიტიკური კონკურენცია დაიწყებოდა ქვეყანაში, ადამიანებს რეალური არჩევანი ექნებოდათ. ამ ჭიდილმა – მიშა თუ ბიძინა, ბიძინა უფრო ცუდია თუ მიშა, რომელი უფრო კარგი იყო – ცხრა თუ რვა წელი, ჩვენი დისკუსი ისეთ პროცესში გადაიყვანა, რომელიც ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის.
ამიტომ კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს, კარგი იქნება ბიძინა ივანიშვილი მარტო განცხადებას კი არ გააკეთებს, არამედ რეალურად შეასრულებს ამას. ამის შემდეგ ჩავატაროთ ხელახლა საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა აირჩიოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას.
ეს არსებულ ვითარებაში ყველაზე რაციონალური და სწორი გამოსავალია, როცა არც მიშა იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და არც ბიძინა იქნება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. დავისვენებთ ჩვენ და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო ფართო არეალი გაეხსნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.