გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას შტურმით და თავ-პირის მტვრევით თუ შეეცდებიან, ამაზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ
ირაკლი ღარიბაშვილს, ისევე როგორც „ქართულ ოცნებაში“ მყოფ ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, აქვს არჩევანი, დაპირისპირება თუ შეთანხმება, თუ ის აირჩევს დაპირისპირების გზას, ის იქნება ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის დავალებების შემსრულებელი, ძალიან ცუდ გზას დაადგება და ძალიან სწრაფად დამთავრდება მისი პრემიერობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძე განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას შეთანხმება უნდა, დაიღალა ყველა ამ დაპირისპირების ფონით.
„თუ მეორე მხარე იქნება აგრესიული, თუ ისინი შეეცდებიან ისევ შტურმით დააკავონ პოლიტიკური ოპონენტები და თავპირისმტვრევა ატეხონ ქვეყანაში, ამაზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ ჩვენგანაც, საზოგადოებისგანაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგანაც. მე არამგონია, ამის პოლიტიკური რესურსი იყოს დარჩენილი. ჩვენ უდნა დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება და რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება. როცა ამბობენ ისინი, რომ წითელი ხაზები აქვთ, ჩვენც შეგვიძლია, დავამატოთ წითელი ხაზები, მაგალითად დროებითი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა, რომელმაც არჩევნები უნდა ჩაატაროს არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მთავრობა. ან უნდა დავაბალანსოთ ძალაუფლება არჩევნების ვითარებამდე, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ვდგავართ იმ მოთხოვნებზე, რაც იყო თავიდან, თუ ახლა რადიკალური გზით წავლენ, მერე მოგვიწევს კიდევ მეტი მოთხოვნების დაყენება“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება და თვის ბოლომდე უკვე გაიმართება საპროტესტო აქციები.
„გამოვთქვამ იმედს, რომ რაღაცნაირად ცოტა ოდნავი რაციონალური გონი „ქართულ ოცნებაში“ გაიღვიძებს და მაინცდამაინც საპროტესტო აქციებით აღარ მოხდება შეთანხმების მიღწევა, რადგან მზაობა საზოგადოებაში, ჩემი აზრით, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, არის ძალიან დიდი. გვინდა, რომ მშვიდობიანად დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება და რაც შეიძლება სწრაფად დავსვათ წერტილი, თვეები ვეღარ გაიწელება ეს პროცესი, ესეც გვესმის, ჩამოკიდებულია საკითხები, რომელსაც კონკრეტულად გადაწყვეტა სჭირდება დღეს“, – განაცხადა ვაშაძემ.