გიორგი ვაშაძე - მარიხუანაზე მთავრობის ინიციატივები კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებს უკავშირდება
მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, მარიხუანასთან მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივების მიზანი შიდა მოხმარების გაზრდა და კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებია.
ვაშაძე აცხადებს, რომ ამის დამამტკიცებელ დოკუმენტებს ახლო მომავალში წარადგენს
„დავინახეთ, მთელი კამპანია საკონსტიტუციო სასამართლოდან დაწყებული, კონკრეტულ ბიზნესინტერესებს უკავშირდება, რომელიც აქვთ პირადად ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაახლოებულ ადამიანებს. გარკვეულ მასალებს ვიძიებთ და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს, რა პირდაპირი კავშირი აქვს ივანიშვილს მარიხუანას ბიზნესთან სხვა ქვეყნებშიც. რეალურად, ეს ყველაფერი ხდება საქართველოში შიდამოხმარების გაზრდისთვის, რომ ამ ადამიანებმა ასობით მილიონი იშოვონ და მილიარდები აღნიშნულ სფეროში. რეალურად, მათ არ აინტერესებთ არც ქვეყნის განვითარება და არც პრობლემები რომლებიც ხალხს აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მარიხუანასთან მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.