გიორგი ვაშაძე - მადლობა ევროკავშირს და ამერიკის ელჩს გაწეული შრომისთვის და ბოდიშს ვუხდი იმ ლანძღვა-გინებისთვის, რასაც იღებენ ამხელა საქმის გაკეთებისთვის
მადლობა ევროკავშირს და ამერიკის ელჩს გაწეული შრომისთვის და ბოდიშს ვუხდი იმ ლანძღვა-გინებისთვის, რასაც იღებენ ამხელა საქმის გაკეთებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შალვა ნათელაშვილის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
ვაშაძის თქმით, ის ემიჯნება საქართველოს პარტნიორების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს.
„შალვა ნათელაშვილმა დემონსტრაციულად დატოვა მოლაპარაკებები. მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. მე დემონსტრაციულად არაფერს გავაკეთებ დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში. ამ დოკუმენტის შესრულება იქნება მთავარი საფუძველი იმის, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მივიღოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რასაც მაპს ვეძახით ნატო-ში, ამ დოკუმენტზე იქნება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული. მე რომ ევროკავშირში გაწევრიანების გეგმას ავიღებ ამ დოკუმენტის შესრულების საფუძველზე და ყველა იმ კანონს რომ მივაღებინებთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ძალიან არ უნდა, კონსტიტუციით დაწყებული, ორგანული კანონით გაგრძელებული და ჩვეულებრივი კანონით დასრულებული, მერე კიდევ ერთხელ გაესაუბრეთ ბატონ შალვას.
კატეგორიულად მიუღებელია, ვემიჯნები და პირიქით, ბოდიშს ვუხდი ევროპარლამენტარებსაც და ამერიკის ელჩსაც მსგავსი ფრაზეოლოგიისთვის, რომელიც ისმის საქართველოდან. ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და რომ არა მათი მუშაობა 24/7-ზე, დღე, ღამე, შაბათ-კვირას, საქართველო ამ უმძიმეს შრომას ვერ დაძლევდა. მე ვაფასებ მათ შრომას, მადლობა ევროკავშირს და ამერიკის ელჩს და ბოდიშს ვუხდი ამ ლანძღვა-გინებისთვის, რასაც ისინი იღებენ ამხელა საქმის გაკეთებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ოპოზიციონერი კოლეგები ხელით ეჭირა, რათა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს არ ჩაბარებოდნენ„“. ამასთან, ნათელაშვილმა ესტონელ ევროპარლამენტარს, მარინა კალიურანდის რუსი დეპუტატი უწოდა.