გიორგი ვაშაძე - მაჟორიტარულ ოლქებზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არ ყოფილა შეჯერებული ოპოზიციასთან, ამან გაერთიანება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთიანობა, რომელიც არის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ოპოზიციასთან მიმართებაში, არ დაიშალოს და აუცილებლად შედგეს, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ძალიან ცუდ სახეს იღებს ამდენი ხანი მანდატებზე მსჯელობა.
„საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი მანდატი, პირდაპირ გეუბნებით, ხვალ მაქვს პრეზენტაცია ეკონომიკის მიმართულებით, რა ხდება ქვეყანაში – ხალხს შია, გაჭირვებულია და ჩვენ ამდენი ხანი მანდატებზე ვსაუბრობთ ერთმანეთთან. დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთიანობა, რომელიც არის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ოპოზიციასთან მიმართებაში, არ დაიშალოს და აუცილებლად შედგეს. დანარჩენი ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ, ჩვენი საკუთარი ამბიციები უკან უნდა გადავწიოთ და ქვეყნის ინტერესები წამოვწიოთ წინ. მთავარი არის არა ის, მე რა მინდა, ან ვინმეს უნდა, არამედ მთავარია, რა უნდა ხალხს. ეს უნდა გვესმოდეს ამ ამოსავალი წერტილით მივიღებ გადაწყვეტილებას. სრულიად ზედმეტი მიმაჩნია ყველანაირი მსჯელობა, ვის რამდენი მანდატი და ვის რამდენი კვოტა ექნება. კვოტებით საუბარმა დაღუპა საქართველოს პოლიტიკაც და საქართველოს მომავალიც საერთოდ“, – განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას თბილისში, რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი ოლქის დათმობის შესახებ, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს მათი პარტიული გადაწყვეტილებაა და არ ყოფილა შეჯერებული ოპოზიციასთან.
„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ამან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო „ძალა ერთობაშია“ . ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე ამ გადაწყვეტილების გამოცხადება არასწორი იყო. თუმცა არაუშავს, ამასაც გადავლახავთ და ამასაც რამე ეშველება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.