გიორგი ვაშაძე - ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ კრიზისის მოგვარებასა და ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტაზე
ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ კრიზისის მგვარებასა და ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრაზე ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზაობა დააფიქსირა.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ეს მიუთითებს, რომ ლიეტუვა და ევროკავშირი კიდევ უფრო აქტიურები იქნებიან იმ კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც დღეს საქართველოშია. ვისაუბრეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ კრიზისის დაუყოვნებლივი მოგვარება, ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა და რომ არც კი განვიხილავთ მის დაკავებას. ამის პარალელურად, გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური ანგარიშსწორების დამთავრება, პარალელურად მოლაპარაკებების დაწყება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ბევრი დეტალი ამ საკითხზე და ჩვენ, ოპოზიციამ სრული მზაობა გამოვთქვით, ამ თემებზე მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.