გიორგი ვაშაძე - ლეგიტიმურად არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და არ შევალთ პარლამენტში
ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა, რადგან ყველას კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თანაგუნდელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ჩვენმა ისტორიამ წინ დაგვიდო, რა თქმა უნდა, ერთსულოვანია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი. ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არ შევალთ პარლამენტში. ეს არის უპირობო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გუშინ ვაცხადებდით, მაგრამ ახლა გვსურს, რომ ერთიანი განცხადება გავაკეთოთ. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, ჩვენს წინაშეა დიდი გამოწვევები, ახლა უნდა გადავწყვიტოთ ან უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, ან ვაბარებთ ამ სახელმწიფოს ივანიშვილის რეჟიმს. მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, არ ვაპირებ არც ერთი წამი უკან დავიხიო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
„ჩვენ ვიქნებით ქუჩაში, ვიქნებით ყველგან, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ყველას გთხოვთ, კვირას საერთო ეროვნული შეკრება უნდა გავმართოთ. ყველა უნდა შეიკრიბოს, როგორც თბილისი, ისე რეგიონები. ახლა წყდება საქართველოს ბედი. თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა. იმიტომ, რომ ყველას კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან , ქართული დემოკრატიის დასამარებასთან. საქმე გვაქვს უმძიმეს სიტუაციასთან, რომელიც ხვალ და ზეგ გველის“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.