გიორგი ვაშაძე - კვლავ ჩანაწერები, შანტაჟი, მოსმენები, ეს არის საბჭოთა პრაქტიკა, რომელიც საქართველომ ვერც ერთი ხელისუფლების დროს ვერ მოიცილა
მოახლოვდა არჩევნები, კვლავ ჩანაწერები, კვლავ შანტაჟი, მოსმენები, კვლავ ფაილები, რომელიც ჩამოშლილი სისტემიდან ვრცელდება. ეს არის საბჭოთა პრაქტიკა, რომელიც საქართველომ ვერ მოიცილა ვერც ერთი ხელისუფლების დროს, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი პოლიტიკური პლატფორმის მიმართ მხარდაჭერის დადასტურება საქართველოში მანკიერი პრაქტიკის ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებას ნიშნავს.
„ჩვენ – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოში ამ მანკიერი პრაქტიკის ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებას, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა იყოს, დავასრულოთ მოსმენების, შანტაჟის პრაქტიკა; ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი და არ ეშინოდეს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას უსმენენ. ეს თუ არ გავაჩერეთ და თუ არ შევაჩერეთ, ქვეყანა წინ ვერ წავა. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა და კიდევ უფრო მძიმეა, რომ სიტყვა გამოძიებამ საერთოდ შინაარსი დაკარგა ქვეყანაში. ვინ გამოიძიებს ამ ყველაფერს ან ვინ რას დადებს არსებული ხელისუფლების პირობებში. ჩვენ, მესამე ძალა, ვართ გარანტი, რომ დავასრულოთ ეს უბედურება ქვეყანაში. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ – მესამე ძალა, ვიქნებით გარანტი, რომ სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს ყველა მსგავსი ტიპის ფაქტზე, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს შანტაჟი, თვალთვალი, მიყურადება ადამიანებზე, ადამიანის თავისუფალი ნება იყოს გამოხატული და არ შეიზღუდოს მისი თავისუფლება.
„მთლიანად სუს-ს რომ აქვს ჩაბარებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია, ესეც ფაქტია, მათი წარსული არის სამართალდამცავი ორგანოები. ნუთუ რაიონებში და ქალაქებში არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც ღირსეულად იქნება წარმოდგენილი მერის კანდიდატად და თავის ქალაქს გაუძღვება. ჩვენ – მესამე ძალა, ვართ გარანტი, რომ ყველაფერს გამოვიძიებთ და გავათავისუფლებთ ამ ხალხს, თავისუფლებას მივცემთ. დაიხევა ყველა კაგებეშნიკური ფაილი, რომელიც ხალხის ნების გამოხატულებას ეწინააღმდეგება. თვითონ ის ფაქტი, რომ სუს-ის თანამშრომლები არიან მერობის კანდიდატები, თავისთავად მიუთითებს, იმისთვის სჭირდება, რომ შემდეგში ეს ადამიანები გააკონტროლოს. დავსხდეთ ამ კანდიდატებთან და ვიმსჯელოთ, ქალაქში რის გაკეთებას აპირებენ. ჩვენ – მესამე ძალა, მართლა გარანტი ვართ, რომ არც ამ მთავრობის, არც წინა მთავრობის და წინარე მთავრობების პრაქტიკა აღარასდროს იყოს ქვეყანაში მოსმენა-დაშინებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის საკითხს, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამოძიებას არ ენდობა.
„რომელი ფაილის ავთენტურობა დადგენილა და დამტკიცებულა ამ ხელისუფლების დროს. ხელისუფლება არის შესაცვლელი, მერე უკვე ავთენტურობებიც არის დასადგენი, გამოძიებაც ჩასატარებელია და წარსულს უნდა ჩავაბაროთ მოსმენების ეს საბჭოთა პრაქტიკა. ჩვენ ამისი გარანტი ვართ და გვჯერა, რომ გამოსავალი მხოლოდ ამაშია. პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მათ შორის დამნაშავის, ვიდრე მისი დანაშაული არ არის დამტკიცებული. ნამდვილად არ მგონია სწორი პრაქტიკა, რომ გავრცელება ხდებოდეს სხვადასხვა ტიპის პირადი ინფორმაციის. თვითონ ვყოფილვარ ამის მსხვერპლი. ინტერნეტში გამოუგდიათ ჩემი დამონტაჟებული საუბრები და უნდა დავამთავროთ ეს პრაქტიკა. ხელისუფლება ყველას უსმენს – საპატრიარქოსაც, პოლიტიკურ ოპონენტებსაც, თანაგუნდელებსაც. მეც მისმენენ, თქვენც გისმენენ, ყველას გვისმენენ – ეს არის რეალობა და ეს უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში. გამონაკლისი არ არსებობს. თუ ვინმეს ეგონა, რომ მასთან მიმართებით იყო გამონაკლისი, მგონი დღევანდელ დღეს ეს ილუზიაც დამთავრდა. მესამე ძალა ვართ გარანტი, რომ აღარავის აღარ მოუსმენენ. რად გვინდა ეს? საქმე ვაკეთოთ, ქვეყანა წინ წავიყვანოთ, მოსმენები სჭირდება მას, ვინც არაფერს აკეთებს. ვინც საქმეს აკეთებს, იმას არაფერში არ სჭირდება მსგავსი უკანონო ქმედებები, რადგან ხალხი თავისთავად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაცასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან ის შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.