გიორგი ვაშაძე - კრისტიან დანიელსონს ჩემს გუნდთან ერთად დავახვედრებ მზაობას შეთანხმებისა და კომპრომისისთვის
ევროკავშირმა დაინახა, რომ მათი ცოტა ლმობიერი მიდგომა „ქართულ ოცნებასთან“ იყო არასწორი. მედიაცია ნიშნავს საკმაოდ მკაფიო პოზიციების დაფიქსირებას. მეორე რაუნდი თუ გაიმართება, ვფიქრობ, იქნება უფრო კონკრეტული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამდე არ მისულა ისეთი წინადადებები, რომელიც რაციონალურად განსახილველი იქნებოდა.
„ჩვენამდე, ოპოზიციამდე საბოლოო დოკუმენტი არც მოსულა, არ მოსულა რამე ისეთი წინადადება, რომელიც, რაციონალურად განსახილველი იქნებოდა. თვითონ მედიატორები უშუალო საუბრებში ამბობდნენ, რომ უბრალოდ ისე დესტრუქციულად იქცეოდა „ქართული ოცნება“, რომ მასთან წარმოუდგენელი იყო რაიმე საკითხზე შეთანხმება. ვერც კი აიღო მედიატორმა ეს დოკუმენტი და ვერც კი შესთავაზა ოპოზიციას, რომ ეთქვა, ვფიქრობ ეს ობიექტურიაო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა კრისტიან დანიელსონის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რეცეპტებით უნდა მოდიოდეს ჩვენთან ყველა და ყველაფერი უნდა მივიღოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ, მათ შორის, ყველას აქვს პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციას, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
მე ჩემს გუნდთან ერთად დავახვედრებ მზაობას შეთანხმებისა და კომპრომისისთვის. ასეთი იყო ჩვენი დამოკიდებულება წინა შეხვედრებზე, პრინციპული, ძალიან მკაფიო პოზიციები, მაგრამ მზაობა კომპრომისისა და შეთანხმებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.