გიორგი ვაშაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ ყველაზე დეტალურად გაწერილი გეგმა აქვს, ზუსტად ვიცით, რა არის გასაკეთებელი
კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ გუნდს აქვს ყველაზე დეტალურად გაწერილი გეგმა, ზუსტად ვიცით, რა არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირველი 30 დღის გეგმის წარდგენისას განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, მათი გეგმა სამ ძირითად ინიციატივას ითვალისწინებს.
„თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი – ფულის მკეთებელთა გუნდი აგრძელებს მართვას, თუ საქმის მკეთებლები მოვდივართ ხელისუფლებაში. დღეს წარმოვადგინეთ პირველი 30 დღის გეგმა, რას ვაპირებთ გამარჯვებისთანავე. ეს არის სესხებთან დაკავშირებით, საპენსიო სესხებზე პროცენტის ჩამოწერა და ყველა მცირე და საშუალო ბიზნესის, ვინც სამსახური დაკარგა, მათთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება, გამოყოფილი 5 მილიარდიდან 500 მილიონით. ამასთან, მყისიერად დაწყება წამლების 30%-ით გაიაფება, მინიმუმ 20-22 ათასი ტესტი ყოველდღიურად, რათა სწრაფი ლოკალიზება მოვახდინოთ კორონავირუსის. გავხსნათ ეკონომიკა და დავიწყოთ მუშაობა. კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ გუნდს აქვს ყველაზე დეტალურად გაწერილი გეგმა, ზუსტად ვიცით, რა არის გასაკეთებელი. მივიდეთ საქმესთან და დავიწყოთ მუშაობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.