გიორგი ვაშაძე - კონტრაბანდის საკითხს უნდა მტკიცებულებები, თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ ბრტყელი განცხადებები კი არა, ქმედებები სჭირდება
კონტრაბანდის საკითხს უნდა მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ ბრტყელი განცხადებები კი არა, ქმედებები სჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ვაშაძე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
ვაშაძის თქმით, იმისთვის, რომ საკითხი დაიხუროს, საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებები უნდა განახორციელოს, მათ შორის, ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სპეცსამსახურებთან ერთად მოხდეს ტვირთების შესწავლა, რა შედის და რა გაედინება საქართველოდან რუსეთის მიმართულებით.
„ეს თუ ტყუილია, უნდა დაიხუროს მსჯელობა. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად უნდა მოხდეს სრულფასოვანი შესწავლა ტვირთების, რომელიც გაედინება რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით. თუ ეს ტყუილია, მძიმე ბრალდებაა და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანაც. კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო – ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რათა საკითხის შესწავლა დეტალურად მოხდეს. სიცრუე თუა, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია.
უნდა ვიცოდეთ, რომ ომის პირობებში უკრაინის სპეცსამსახურები ნამდვილად მუშაობენ ამერიკულ, ბრიტანულ და ევროპის სპეცსამსახურებთან ერთად და სანქციების გვერდის ავლას მთელი მსოფლიო ამონიტორინგებს. ამიტომ ეს საკითხი დამალული ვერ დარჩება. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, პოლიტიკაში ვარ საქართველოში და ამიტომ, ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს დავიცავ. ველოდები მტკიცებულებებს, სუს-ის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას, რომ დასავლური სპეცსამსახურები მოიწვიონ. ამ საკითხს უნდა გამოძიება, მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ განცხადება უკან უნდა წაიღოს და რა თქმა უნდა, ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ბრტყელი განცხადებები კი არ სჭირდება, არამედ კონკრეტული ქმედებების განხორციელება და დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველა ტვირთის დეტალური მონიტორინგი, – განაცხადა ვაშაძემ.