გიორგი ვაშაძე - კომპრომისი დაგვჭირდება ჩვენს მხარესაც, „ქართული ოცნების“ მხარესაც, რადგან საპირწონეზე დევს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ევროატლანტიკური მომავალი
დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის დასავლეთის, ევროპული მხარის დოკუმენტი, ეს არ არის არც „ქართული ოცნების“ და არც ოპოზიციის მიერ მიტანილი დოკუმენტი, ანუ ნიშნავს, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რაც დაიდება ამას დებს ევროკავშირი და აშშ, ერთობლივად, საქართველოსთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ ძალიან დიდი ძალისხმევისთვის. არასტანდარტულია, რაც ხდება დღეს და ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ქართული შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. სრულ თანხვედრაში ვარ მათ მთავარ მიზანთან, რომ პოლიტიკური ბატალიების პოლიგონიდან ქვეყანა უნდა გადაიქცეს პოლიტიკური თანამშრომლობა-დისკუსიის პლატფორმად. აი, ეს არის ევროპული, დასავლური დემოკრატია და ამ მიზანში რახან მათთან თანხვედრა მაქვს, დარწმუნებული ვარ, შეთანხმება აუცილებლად იქნება. ნუ, მაღალი ალბათობით. შეთანხმება შეიძლება, არ იყოს ერთადერთ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ააყირავებს ამ მაგიდას, რაც თვითონაც იციან, რომ ძალიან მაღალი ფასი დაუჯდებათ და რა ვიცი, მგონი, არც ერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი ჩავაბაროთ „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი, მესმის, რომ საზოგადოების მაღალი ყურადღების ცენტრის ქვეშ არის ეს ყველაფერი, მოლოდინშია ყველა, მაგრამ ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საბოლოოდ გაირკვევა აბსოლუტურად ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, პოზიციებზე ჩამოყალიბება უახლოეს პერიოდში მოხდება.
„რასაც ვამბობდი ორი-სამი კვირის წინ, მარტის ბოლოს, იქეთ ეს ვერ წავა, შემიძლია, ვთქვა, რომ მარტის ბოლოზე უფრო ადრეც საბოლოოდ მოხდება ჩამოყალიბება პოზიციებზე. მე ვფიქრობ, რომ შინაარსობრივად ახლა საუბარი კომპრომისზე კონკრეტულად უკვე აზრს მოკლებულია. რა თქმა უნდა, კომპრომისი დაგვჭირდება ჩვენს მხარესაც, „ქართული ოცნების“ მხარესაც, რადგან საპირწონეზე დევს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაც თუნდაც, ევროატლანტიკური მომავალი და რთულად წარმომიდგენია, რომ ევროპული და დასავლური მკაფიო პოზიციის შემდგომ, უბრალოდ დოკუმენტი გადავხიოთ და გადავაგდოთ. იმას გეტყვით, რომ რაღა თქმა უნდა, პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი საკითხი, ეს რა თქმა უნდა, ფუნდამენტური საკითხებია, რომლებზეც უნდა შევთანხმდეთ. ახლა პატიმრებზე ერთადერთი შეთანხმება შეიძლება, იყოს, რომ ისინი გათავისუფლდნენ, სხვა რა უნდა იყოს შეთანხმება. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული პრობლემები არის „ქართული ოცნების“ მხარეს და გულწრფელად გეტყვით, რომ საბოლოო განხილვაში ჯერ არ გადავსულვართ ამ საკითხებზე. რაზე ჭედავს „ქართული ოცნება“, პირდაპირ რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. როგორც მათ არ იციან ჩვენი მოლაპარაკების პროცესი, ისე ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება, როცა ცალკე არიან შესულები. დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის დასავლეთის, ევროპული მხარის დოკუმენტი, ეს არ არის არც „ქართული ოცნების“ და არც ოპოზიციის მიერ მიტანილი დოკუმენტი, ანუ ნიშნავს, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რაც დაიდება ამას დებს ევროკავშირი და აშშ, ერთობლივად, საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.