გიორგი ვაშაძე - კობახიძის გუშინდელი გამოსვლა იყო კიდევ ერთი სიძულვილით სავსე რიტორიკა, რომელიც საქართველოს აღარ სჭირდება
კობახიძის გუშინდელი გამოსვლა იყო კიდევ ერთი სიძულვილით სავსე რიტორიკა, რომელიც საქართველოს აღარ სჭირდება, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს გასაკეთებელი არჩევანი ცალსახა და მკაფიოა.
„მოდით, ღიად დავსვათ კითხვა, როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ? გვინდა, ვიცხოვროთ კობახიძე-ივანიშვილის ქვეყანაში, სადაც არის დაპირისპირება, სიძულვილი, მტრობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, უკიდურესი გაჭირვება, მაღალი ფასები და უმუშევრობა თუ გვინდა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, სადაც შემოდის ინვესტიციები, იქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ვასრულებთ დაპირისპირებას და ერთიანობით მივდივართ ევროკავშირისკენ, უფრო ღრმა პარტნიორობისკენ აშშ-სა და ჩვენს პარტნიორებთან? გვინდა, ვიცხოვროთ კობახიძე-ივანიშვილის ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია და ხალხი უკიდურესად ღარიბი, და ამასაც აყვედრიან ხალხს, თურმე ყველაფერი კარგად არის თუ გვინდა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც შემოდის 14 მილიარდი ევრო, დამატებითი ინვესტიცია, რომ ამოიქაჩოს სოფელი, ქალაქი, ამოიქაჩოს ეკონომიკა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და წავიდეთ წინ? ეს არჩევანი გვაქვს ჩვენ 26 ოქტომბერს გასაკეთებელი, ეს არის კიდევ ერთხელ ცალსახა და მკაფიო, განსაკუთრებით კობახიძის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ. ბოლოს, მინდა, ისევ და ისევ დავუსვა კითხვა: ქართველ ხალხს რა შენი ზიზღის რიტორიკისგან, ირაკლი, რა ქართველ ხალხს? რომ გიყურებს საქართველოს მოქალაქე, რა გაიგო მან, რამეს გაუკეთებ? არაფერს, გინდათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნოით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.