გიორგი ვაშაძე - კობახიძემ დაასახელოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც აწარმოებდა აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ
კობახიძემ კონკრეტულად დაასახელოს გვარები იმ ოპოზიციონერი დეპუტატების, ვინც დადიოდა დერეფნებში და აწარმოებდა აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ და მოიტანოს მტკიცებულებები ამ ბრალდებების, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
„კობახიძე და „ქართული ოცნება“ მიეჩვია ტყუილების რახარუხს პრესკონფერენციებზე მტკიცებულებების გარეშე და თუ ამის მტკიცებულებას არ მოიტანს, მოვითხოვ საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ყველა ოპოზიციონერს“, – განაცხადა ვაშაძემ.
დეპუტატის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანას მართავდეს პოლიტიკური ძალა, რომლის თავმჯდომარე მუდმივად ტყუილების ტირაჟირებას და პროპაგანდას ახდენს.
„როგორც ჩანს, საქმის აღძვრას აპირებენ ამერიკის ელჩის წინააღმდეგ, აშანტაჟებენ მოსამართლეებს ისე, რომ თუ ვინმე გაბედავს იმ პროგრამაში წასვლას ის სერიოზულად დაიტუქსება იმ ძალადობრივ-კრიმინალური რეჟიმით, რომელიც გაქვთ სასამართლოში კლანის სახით ჩამოყალიბებული და რომელიც აშანტაჟებს მოსამართლეებს, ოჯახებში უვარდება მათ და თვითმკვლელობამდე მიჰყავს მოსამართლეები და ამის მტკიცებულებებს მალე ნახავთ თქვენ და რაც მთავარია, ბოიკოტს უცხადებენ ამერიკას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.