გიორგი ვაშაძე - კობახიძე ყოველთვის არის შეთანხმების მთავარი დამრღვევი, ვფიქრობ, ასე თუ გააგრძელა, შესაძლოა, აღმოჩნდეს პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სანქციები დაედება
კობახიძე ყოველთვის არის შეთანხმების მთავარი დამრღვევი, ვფიქრობ, ასე თუ გააგრძელა, სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად, რომელიც საბიუჯეტო დახმარებაზე იქნება, შესაძლოა, ის პირადად აღმოჩნდეს პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სანქციები დაედება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება შეაფასა.
მისივე თქმით, სანქციები იქნება რეალური და გზა, რითაც „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გატარებას აიძულებენ.
„სანქციები არის რეალური და სენატორების განცხადება ნახეთ. იგივე იქნება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მხრიდან. ეს სანქციები იქნება რეალური და გზა, რითაც ვაიძულებთ „ქართულ ოცნებას“, რომ რეფორმები გაატარონ. კობახიძე არის ადამიანი, რომელიც არც შეთანხმების ინტერპრეტაციას ახდენს სწორად და ყოველთვის არის მთავარი დამრღვევი შეთანხმების. ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელა კობახიძემ, სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად, რომელიც საბიუჯეტო დახმარებაზე იქნება, შესაძლოა, ის პირადად აღმოჩნდეს ნომერი პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც დაედება სანქციები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე იცავს 19 აპრილის შეთანხმებას, გააგრძელებს ამ სულისკვეთებით და პრინციპით მოქმედებას.
მისივე თქმით, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ“, – აღნიშნა კობახიძემ.