გიორგი ვაშაძე - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციურ დეპუტატებს, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და ვიმუშაოთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები
გიორგი ვაშაძე - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციურ დეპუტატებს, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და ვიმუშაოთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, აქტიურად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და ვიმუშაოთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერს შეეხებოდა.

მისივე თქმით, „ერთია, რას ამბობს კობახიძე და მეორეა, რას ვიზამთ ჩვენ“.

„ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ნამდვილად არ უნდა „ქართულ ოცნებას“ და რატომ? რადგან ამით უფრო მრავალფეროვანი ხდება პოლიტიკური ცხოვრება, რადგან ვერ იქნება ერთპარტიული მმართველი, როგორიც დღეს არის და ასე შემდეგ. ერთია, რას ამბობს კობახიძე და მეორეა, რას ვიზამთ ჩვენ. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, რომ აქტიურად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და ვიმუშაოთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები.

გუშინ მქონდა ძალიან ბევრ ელჩთან კომუნიკაცია. სრული მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ სწრაფად მოხდეს ცვლილებები. აქედან გამომდინარე, რას ამბობს კობახიძე ერთია და მეორეა, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, ვაიძულოთ ამ მოთხოვნის შესრულება. ისინი ხომ არ უარყოფენ რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, მიიღებენ, ამიტომ მათ მოუწევთ, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ჩვენ გვინდა, ეს იყოს ადრე, რომ დავასრულოთ ამ საკითხზე სპეკულაციები“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.

„5 %-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მე პირადად, ყველაზე მეტად 5 %-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ, ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.