გიორგი ვაშაძე - ხვალ იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი
ხვალ იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ეს არის მშვიდობიანი აქცია. ჩვენი თანაგუნდელები იქნებიან პარლამენტთან ამ პროტესტის დროს. ეს იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. გასულ წელს ყველა თქვენგანი იყავით იქ და ყველა ხედავდით, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო ჩვენი მოქმედებები. არაფერი განსხვავებული წელს არ იქნება. უბრალოდ, სამწუხაროდ, ვიდრე არ დავიწყეთ ასეთი მოქმედებები, „ქართული ოცნება“ არანაირ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს. უნდა შევუქმნათ დისკომფორტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციამ 26 თებერვლის აქციაზე განაცხადა, რომ 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას დაიწყებენ. მათი ინფორმაციით, აქციები იგეგმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან. ოპოზიციამ პიკეტი ხვალ დილით, პარლამენტის შენობასთან უკვე დააანონსა.