გიორგი ვაშაძე - ხუთი ადამიანი, ევროპული „ხმის მცველები“ უკანონოდ არიან დაკავებულები, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას, ხელი აიღეთ უკანონო ქმედებებზე
დაკავებებზე გადავიდნენ უკვე, ხუთი ადამიანი, ევროპული „ხმის მცველები“, არიან დაკავებულები, აბსოლუტურად უკანონოდ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ხმის მცველების“ დაკავების შესახებ საუბრისას აღნიშნა.
ვაშაძის შეფასებით, ეს არის უკანონო ქმედება და მან დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.
„ვიმარჯვებთ, ხალხო, ძალიან ცოტა დარჩა ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე. „ოცნება“ მარცხდება, გამანადგურებლად მარცხდება და მინდა, გთხოვოთ დიდი აქტივობისკენ. არჩევნების დამთავრებამდე ორი საათი დარჩა, იმდენად ძლევამოსილი უნდა იყოს ჩვენი გამარჯვება, რომ არავის კითხვის ნიშანი არ გაუჩნდეს და მანიპულაციის საშუალება არ ჰქონდეს, ვიმარჯვებთ და მინდა, ყველამ ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება. არჩევნებზე ვინც არ ყოფილა, მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ მოხვიდეთ. ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტურია, თუ როგორ იქცევა „ოცნება“. ისინი თავს ესხმიან დამკვირვებლებს, ავიწროებენ ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მანიპულაციის შესაძლებლობას. ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე, ხუთი ადამიანი, ევროპული „ხმის მცველები“ არიან დაკავებულები, აბსოლუტურად უკანონოდ. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ეს არის ტოტალურად უკანონო ქმედება. მივმართავ პოლიციებს, რამდენიმე საათი დარჩა ამ ხელისუფლებას, ნუ ჩადიხართ უკანონო ქმედებებს, ყველაფერი აღბეჭდილია იმ კამერების მიერ, ძალადობას ექნება კონკრეტული პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად.
თქვენ ხედავთ, რომ აქტივობა მაღალია, ვიდრე 2016, 2021,2020-ში. ხედავთ ნირწამხდარ „ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც ხმასაც ვეღარ იღებენ, რადგან დიდი უპირატესობა არის ჩვენ მხარეს. ახლა მნიშვნელოვანია, კიდევ მეტი მივიდეთ არჩევნებზე. უცხო ქვეყნებში კატასტროფული შედეგი აქვს „ოცნებას“, მჯერა, ზუსტად იგივე ექნება საქართველოშიც.
მოვუწოდებ საზოგადოებას, ყველა ამ ძალადობაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი აქტივობა, მეტი მისვლა საარჩევნო უბანზე, რომ საქართველო გავიყვანოთ ევროკავშირის გზაზე, წავიდეთ წინ და ამ იზოლაციონისტებს ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ უარი. წინ, გამარჯვებისკენ, მაქსიმალური მობილიზაცია. ცოტა დრო დაგვრჩა, მადლობა ყველას, ვინც ხმებს ასე მედგრად იცავს და ასე უდგას გაყალბების მანქანას. „ოცნების“ ლიდერებს ვეუბნები, შეეგუეთ მარცხს, აღიარეთ, რომ მარცხდებით ამ არჩევნებში და ხელი აიღეთ უკანონო ქმედებებისგან. იცოდეთ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. თქვენი დრო დამთავრებულია ხელისუფლებაში, გადადით ოპოზიციაში და მოისვენეთ, რადგან პრორუს პოლიტიკოსებს არასდროს ექნებათ გამარჯვება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.