გიორგი ვაშაძე - ხუმრობით ვიტყვი, ავიღებ გასაღებს, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და სანამ არ შევთანხმდებით, არ დაგვიბრუნოთ უკან
გიორგი ვაშაძე - ხუმრობით ვიტყვი, ავიღებ გასაღებს, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და სანამ არ შევთანხმდებით, არ დაგვიბრუნოთ უკან

არ ვიცით, რა იქნება საბოლოო დოკუმენტში, მაგრამ ვიმედოვნებ, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც ობიექტურად ასახავს ამ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„ვისურვებდი, დღევანდელი დღისთვის დაგვერქმია შეთანხმების დღე, რომ შეთანხმება ნამდვილად მოხდეს, ისევე, როგორც ამას გვთხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება და ქართველი ხალხი. ვფიქრობ, ამ თვეებმა აჩვენა, რომ ყველას უნდა გვეყოს მაღალი პოლიტიკური კულტურა, რათა შეთანხმებისკენ წავიდეთ. ეს, პირველ რიგში, უნდა გაიაზროს „ქართულმა ოცნებამ“ და წინა ორი რაუნდისგან განსხვავებით, იმედი მაქვს, მათი მხრიდან არ იქნება დესტრუქციული პოზიცია. პირდაპირ გეტყვით, არ ვიცით, რა იქნება საბოლოო დოკუმენტში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ობიექტური დოკუმენტი, რომელიც ობიექტურად ასახავს ამ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. ეს არის დღევანდელი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი და რაღა თქმა უნდა, მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე უნდა შევთანხმდეთ. ამაზე უნდა ვიყოთ ყველანი მობილიზებულები. ხუმრობით ვიტყვი, რადგან პირველი მოვედი, ავიღებ გასაღებს, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და სანამ არ შევთანხმდებით, არ დაგვიბრუნოთ გასაღები უკან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.