გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ქვაკუთხედი მართლმსაჯულების რეფორმა ვერ იქნება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს.
ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდიც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვან ალტერნატივად შეთანხმების გზას განიხილავს, თუმცა გასათვალისწინებელია, რა შეთავაზება ექნება „ქართულ ოცნებას“.
„ვფიქრობ, ამ უმძიმეს ვითარებაში წითელ ხაზებზე საუბარი არის ძალიან ცუდი, ამიტომ სჯობს, თავისი შემოთავაზებები მოიტანონ მოლაპარაკების მაგიდაზე. ნამდვილად არ ვიცი, როდის იქნება მესამე რაუნდი, ყველაფერს აკეთებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ შეთანხმება მოხდეს, ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, რა თქმა უნდა, შეთანხმების გზას განვიხილავთ როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ალტერნატივას უმძიმესი კრიზისიდან გამოსავლისა, თუმცა პასუხები ნამდვილად არა მაქვს, რადგან არ ვიცი, რა იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, „თუ განიხილავს ოპოზიცია სხვა შეთავაზების ვარიანტებს, მაგალითად, ვნახეთ „გირჩის“ განცხადება, არის თუ არა მართლმსაჯულება თანაზომიერი იმ მოთხოვნებისა, რაც ოპოზიციას აქვს“, ვაშაძემ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა შეთანხმების ქვაკუთხედი ვერ იქნება.
„მართლმსაჯულება ვერ იქნება ქვაკუთხედი ამ შეთანხმების, ამიტომ ვფიქრობ, ეს უბრალოდ ითქვა არა ის, რომ განიხილება სადმე და არც განიხილება არც ერთ ფორმატში მართლმსაჯულების საკთხი, არამედ როგორც მისი მოსაზრება. არ ვაპირებ არავიზე თავდასხმას განსხვავებული აზრის გამო, თუმცა ვფიქრობ, ვერ იქნება ქვაკუთხედი შეთანხმების. პირდაპირ გეუბნებით, არც კი განხილულა ეს საკითხი და არამგონია, ახლა ამ საკითხზე მსჯელობა იყოს სწორი, რადგან გადავალთ აბსოლუტურად სხვა პროცესში, ვიდრე საარჩევნო სისტემები და არჩევნების გამართული ჩატარებაა ქვეყანაში, იმისათვის რომ უბრალოდ ქართული დემოკრატია შედგეს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა თავისი გარანტიებით“.