გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებამ პროვოკაცია მოაწყო, რათა ოპოზიციური ლიდერები ჩასვან ციხეში
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებამ პროვოკაცია მოაწყო, რათა ოპოზიციური ლიდერები ჩასვან ციხეში

როგორც ჩანს, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებს სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებისთვის, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რონ შესაძლებელია დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ.

გაერთიანებულ ოპოზიციაში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმართება შეხვედრები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას მიაწოდებენ.

„ჩვენ ახლა შევხვდით ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. როგორც ჩანს, ის პროვოკაცია, რაც მათ ველისციხეში მოგვიწყვეს გათვლილი იყო, რომ როგორმე საკუთარი თავისთვის შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ ციხეში ჩასვან ხალხი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ პროვოკაცია მოაწყო, რათა ოპოზიციური ლიდერები ჩასვან ციხეში.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციებს ვიღებთ შინაგან საქმეთა ორგანოების მხრიდან. ისინი როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან მკვეთრ რეაგირებას“, – განაცხადა ვაშაძემ.