გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა შვებულებაშია, „მაისკიე პრაზდნიკი“ მოიწყვეს 
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა შვებულებაშია, „მაისკიე პრაზდნიკი“ მოიწყვეს 

„სატრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, „ქართული ოცნების“ მიერ უქმე დღეების გამოცხადება, ხალხის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოხატულებაა.

„ქვეყანაში არის უმძიმესი გაჭირვება, შიმშილი, ფასები იზრდება, შემოსავლები იკლებს, ლარის კურსი გარბის, ინვესტიციები არ შემოდის, კორონავირუსის გამო, დღითიდღე მეტი ადამიანი გვტოვებს. ამ პირობებში „ქართულმა ოცნებამ“, მთელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შვებულებაში არის აბსოლუტურად ყველა. ანუ, შემდეგი 10 დღის მანძილზე რომც გინდოდეთ, ამ ხალხს ვერ იპოვით. ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგი სოლარიუმშია, ზოგი ისვენებს, ზოგი განცხრომაშია მიცემული თავისი მოპარული ფულით, ხალხი და სახელმწიფო ისევ არის ყოველგვარი ყურადღების გარეშე მიტოვებული. ვსვამ მარტივ კითხვას – რამდენ ხანს უნდა გაგარძელდეს ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყანასთან მიმართებით? ეკონომიკურად დათვლილია, რომ არასამუშაოდ გამოცხადებული ყოველი დღე არის მინუს 100 მილიონი ლარი ჩვენს ეკონომიკაში, ანუ 100 მილიონით ნაკლებია ბრუნვა მხოლოდ ეკონომიკაში და მარტო ეკონომიკა კი არ გააჩერეს, პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები, ყველა უწყება გაჩერებულია, არაფერი არ მუშაობს, საბჭოთა ტერმინი რომ იყო – „მაისკიე პრაზდნიკი“ მოიწყვეს თავიდან ბოლომდე რა, მართლა ეს არის. ესაა საგანგაშო, მარტო ამნისტიაზე კი არ ვსაუბრობ, ნუთუ, ამ უბედურ გაჭირვებაში ხელისუფლებას უნდა ეცალოს, რომ ათი დღე, ორი კვირა გამოაცხადოს მთელი ქვეყნისთვის და თავისი თავისთვისაც შვებულება. იქნებ, მოიკითხოთ, სად არის ეს ხალხი, ვინმემ იცით, სად არიან ისინი? თითქმის ყველა არის საზღვარგარეთ დასასვენებლად წასული, ამაზე უნდა ვაგებინოთ პასუხი და იმის გამო, რომ ასეთი შიმშილი და გაჭირვებაა დღეს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „უქმე დღეების დასრულების შემდეგ რა გეგმით მიდიხართ საკანონმდებლო ორგანოში, „ნაციონალური მოძრაობა“ გსაყვედურობთ, რომ აქამდე ამბობდით, მხოლოდ ამნისტიაზე იმუშავებდით, ახლა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც საუბრობთ“, ვაშაძის თქმით, ემზადება როგორც ამნისტიის კანონის განხილვისთვის, ასევე აქტიურად ჩაერთვება ყველა საჭირბოროტო საკითხის განხილვაში.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ როგორც არასდროს არ ვისვენებთ, არ ვისვენებთ ახლაც, ამ წუთსაც ვმუშაობთ, ხვალაც, ზეგაც. დიახ, როცა შვებულებიდან გამოვა განცხრომაში მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტაცია და მიბრძანდებიან პარლამენტში, ვემზადები როგორც ამნისტიის კანონის განხილვისთვის, ასევე შარლ მიშელის დოკუმენტში არის დაახლოებით 15-20 საკანონმდებლო აქტში შესატანი ცვლილება. იურისტებთან ერთად ვმუშაობთ, ყველაფერი ეს უნდა დაინიცირდეს პარლამენტში, ამას სჭირდება მოსმენა, საკონსტიტუციო ცვლილებებიდან დაწყებული სერიოზული მუშაობა. გარდა ამისა, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ სწორედ ყველა საჭირბოროტო საკითხზე აქტიურად ჩავერთოთ, მაგალითად, კოვიდის თემა იქნება, თუ ეროვნული უსაფრთოხების საკითხები, ჩვენ უკვე ხალხი გვთხოვს პასუხს, რომ ამაშიც ჩავერთოთ. ამიტომ, ვაპირებ, ყველა ამ საკითხზე ჩემს გუნდთან ერთად მივიღო მონაწილეობა. რაც შეეხება საყვედურს, ამ კვირების მანძილზე ბევრი საყვედური მინახავს, მაგრამ ყოველთვის ჩვენ ვართ ხოლმე მართალი. ჩემი აზრით, მთავარია, ხალხს ვუპასუხოთ, ხალხს რა უნდა. აწუხებს თუ არა დღეს ადამიანს, რომ მშიერია? აწუხებს; უნდა თუ არა მას ახლა პარლამენტში პარლამენტის წევრი, რომელიც ამ შიმშილს ოდნავ მაინც აარიდებს თავისი ინიციატივებით? – უნდა. მე აქ ვხედავ ჩემს ამოცანას, ამ კუთხით ვაპირებ, ვუპასუხო ხალხს და არა გაბოროტებულ თუ რაღაცნაირად გაღიზიანებულ ადამიანებს, პოლიტიკოსებს და ასე შემდეგ, რადგან დაიძრა ეს პროცესი, მატარებელი დაიძრა და ევროპულ თანხმობას კიდევ რომ არ უერთდებიან, ამაზე მაქვს მთავარი კითხვა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, კითხვაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ ოპოზიცია არ დადის პარლამენტში და ამ პერიოდშიც ოპოზიციას შეუძლია, შევიდნენ პარლამენტში. თქვენ გადანაშაულებენ მათ შორის ამნისტიის კანონების განხილვის გაჭიანურებაში, ვაშაძემ განაცხადა:

„ყველა ადამიანი, ვინც ჩვენთან მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, არც ერთი არ არის ახლა ფიზიკურად პარლამენტში. მეორე, ყველა ის ადამიანი, ვინც ამას ამბობს, ცრუობს, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ხუთშაბათს გავაკეთეთ განცხადება, რომ სამშაბათს ბიუროზე ვაპირებდით მისვლას და ამნისტიის კანონზე მსჯელობას. ასე რომ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ამ ტყუილს აუცილებლად საზოგადოება შეაფასებს. უბრალოდ, ერთი კვირით გადაიწია ამნისტიის კანონის მიღებამ, მეტს ნამდვილად ვერ გადაწევენ. აქაც კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დროულად იქნას მიღებული ამნისტიის კანონი. არა მარტო ამნისტიის კანონი, საარჩევნო კოდექსში, თვითმმართველობის ორგანულ კანონში ცვლილებები, საკონსტიტუციო ცვლილებები და უამრავი საქმე, რომელიც არის გასაკეთებელი. მზად ვიყავი თქვენთან ერთად, ისეთი სამუშაო რეჟიმი გაგვეჩაღებინა პარლამენტში, რომ უკან მოხედვის შესაძლებლობა არ ჰქონოდა არავის, მაგრამ გაიპარნენ და ყველა ისვენებს. ფაქტია, მე ვისვენებ თუ ისინი ისვენებენ. დღეს ვაპირებდი პარლამენტში მისვლას და სად არიან მათი მომლაპარაკებლები. ხუთშაბათს ვთქვით, რომ სამშაბათი იყო ყველაზე ადრე, როცა ბიუროზე მისვლა შეგვეძლო. დღეს ვემზადებოდით ბიუროზე მისასვლელად და გავიგე, რომ მთელი პარლამენტი შვებულებაშია და ისვენებს. ვინ იტყუება ამ სიტუაციაში, ხომ ხედავთ. თუ ჩანიშნავენ, ერთ საათში მიმსვლელი ვარ, აგერ, ვმუშაობ მე, სადმე კი არ წავსულვარ. რა დროს დასვენებაა ახლა, რა დროს ქეიფი, დროს ტარება და სოლარიუმებია“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.