გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რადიკალიზაციისკენ მიდის, რაც ამერიკელი და ევროპელი კოლეგებისთვის მიუღებელია.

ამასთან, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო არ ასცდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და დაჩქარდეს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

„საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები, რატომ? ამას აქვს ორი ფაქტორი: პირველი – „ქართული ოცნება“ მიდის მეტი რადიკალიზაციისკენ, ის არ გვისმენს ჩვენ, არ ასრულებს არაფერს. მას სურს, ყველა მოგვნათლოს „ომის პარტიებად“. სასაცილოა უბრალოდ მათი ეს არგუმენტაცია, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე – ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, პოლარიზებას. ყველა შეთანხმების, თანხმობის წინადადებაზე უარს გვეუბნება. მოუსმინეთ ამერიკის ელჩს, ის ამბობს, რომ უნდა დავდგეთ ერთად. რას ვამბობთ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“? – უნდა დავდგეთ ერთად. ეს არის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მთავარი გზავნილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ პასუხობს, რომ არა და არასდროს. ეს არის მათი პასუხი კობახიძის, მდინარაძის, აბსოლუტურად ყველასი და ამაზე ისინი მიიღებენ პასუხს, მიიღებენ რიგგარეშე არჩევნებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო არ ასცდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ჩვენმა ქვეყანამ დააჩქაროს „ნატოში“ ინტეგრაცია. კიდევ ერთხელ შემრცხვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხელისუფლებაა, რადგან განცხადებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან კეთდება, არის ანტიეროვნული, რადგან საშინელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ყველა შეხვედრაზე, რაც კი ვაშინგტონში მქონდა, ჯერ კითხვას მისვამენ, რა ხდება საქართველოში, რა კავშირი აქვს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან, რატომ არის თქვენი ქვეყნის მიმართ ასეთი განცხადებები. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის არის საშინელი დარტყმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.