გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება ჟურნალისტების საქმიანობის, ადამიანის ნორმალური ცხოვრების უფლებას ვერ იცავს
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება ჟურნალისტების საქმიანობის, ადამიანის ნორმალური ცხოვრების უფლებას ვერ იცავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების უსაფრთხოება ვერ დაიცვა, რის გამოც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ვაშაძემ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ისე არაფერი აზიანებს, როგორც ძალადობა ქრისტეს სახელით.

მისი თქმით, სამწუხაროდ, რაც დღეს ხდება, არის ენით აღუწერელი და მიუღებელი ქმედებები, რომლის უკან ხელისუფლება დგას.

„ხელისუფლება სიცოცხლის უფლებას, ჟურნალისტების საქმიანობის, ადამიანის ნორმალური ცხოვრების უფლებას ვერ იცავს. ამაზრზენი და მიუღებელია, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ძალოვან უწყებებს არანაირი დავალება არ აქვთ მიღებული, ძალადობა აღკვეთონ. ამაზრზენია, როცა პარლამენტის დერეფნებში დაიპარებიან უმრავლესობის წევრები, რომლებიც ძალადობას არ ეთანხმებიან, მაგრამ ვერ ბედავენ ხმის ამოღებას. უფრო ამაზრზენია, როცა პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს ქვეყნის ხელმძღვანელობა. ქრისტიანობა არის სიყვარული და არა ძალადობა, თავპირისმტვრევა ქუჩაში. როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა, სადაც ვძალადობთ, თუ ერთმანეთს პატივს ვცემთ? შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანების უსაფრთხოება ვერ დაიცვა და ახლაც მიმდინარეობს ქუჩაში ძალადობა. სწორედ ამიტომ, მთელი მთავრობა თუ არა, სულ მცირე შს მინისტრი უნდა გადადგეს. არ იცავენ ჟურნალისტებს, ტურისტებს, იმათ რაღა დააშავეს? პირიქით, წამქეზებლურ განცხადებებს აკეთებენ და რა დემოკრატიაა, რა დასავლეთი, რა განვითარება და რომელ ქართულ კულტურაზე გველაპარაკებიან? ჭირსაც წაუღია პოლიტიკური რეიტინგები და ამის გამო თავის შეკავება. თუ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლეს არ დავიცავთ, რა შეიძლება გაკეთდეს?”, – განაცხადა ვაშაძემ.