გიორგი ვაშაძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ინიცირებითაც კი მიაყენეს ზიანი ევროპულ ინტერესებს, მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ პროტესტი
გიორგი ვაშაძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ინიცირებითაც კი მიაყენეს ზიანი ევროპულ ინტერესებს, მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ პროტესტი

ვერავინ შეძლებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზიდან გადახვევას. ამის გარანტიაა საქართველოს ეროვნული ერთიანობა და ენერგია, რომელიც ქართველი ხალხისგან მოდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა არ უნდა მისცეს საშუალება უმრავლესობის დეპუტატებს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი მიიღონ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ ე.წ. ქართული ოცნების სრულ ლუსტრაციას. სამწუხაროდ, ისინი პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურებიან საქართველოში. გავეშებული ცდილობენ, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღონ რუსული კანონი, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან. საქართველოს არცერთ მოქალაქეს, არავის დაუსვამს ამოცანა, რომ გვეჩქარება ამ კანონის მიღება. მოქალაქეების არჩევანია ევროკავშირი და ნატო. ჩვენ გვინდა ძლიერი, ერთიანი საქართველო და ამის რეალიზების ერთადერთი გზა არის ევროკავშირის, ნატო-ს წევრობა და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად დგომა. რა ხდება ამ დროს? იგივენაირი შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, როგორც ხდებოდა გასულ წელს. გასულ წელს მიიღეთ კანონი მოსმენების შესახებ, რომელზეც მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყარო გეუბნებოდათ, არ გააკეთოთ, რადგან წინაღობა იქნება ევროკავშირის სტატუსის მისაღებადო. ახლაც ზუსტად ასე აკეთებთ, 27 ქვეყნის წარმომადგენელი, 27 ქვეყნის ელჩი მოვიდა პარლამენტში და პირდაპირ განგიცხადათ, რომ ეს კანონი არის რუსული კანონი, რომლის მიღებითაც საქართველო შორდება ევროპულ პერსპექტივას. სამწუხაროდ, დღეს ხელი მოაწერეთ სამშობლოს ღალატს. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი.

მინდა, მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, გამოხატეთ თქვენი აზრი. ეს ადამიანები არიან დარჩენილი მარტო, არავინ არ არის მათ გვერდით, ისინი ასრულებენ დავალებას. ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია. ვფიქრობ, ყველა ჩვენი პატრიოტი ქართველის ამოცანაა, ამ ხალხს არ მივცეთ შესაძლებლობა, გადაგახვევინოს ევროინტეგრაციის გზას. მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავდგეთ ერთად, ყველამ უნდა გამოვხატოთ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ხდება საქართველოში, თუნდაც ამ დარბაზში. მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონი, აშშ-დან დელეგაციაა ჩამოსული, რომელიც ამბობს, რომ კანონი ემსახურება რუსულ ინტერესებს, მაგრამ მაინც დაჟინებით უნდათ პირველი მოსმენით მიღება. სამწუხაროდ, ამ ხალხმა უკვე მიაყენა ზიანი ჩვენს ევროპულ ინეტერესებს ამ კანონის ინიცირებითაც კი, მაგრამ ჩვენი ერთიანობით და მათი მარტოობით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ისინი არიან უმცირესობა და ჩვენ ვართ უმრავლესობა. ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო ევროპასთან და ნატო-სთან ერთად. ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით და 24 თებერვალს ათობით ათასმა ადამიანმა ეს ერთიანობა აჩვენა სწორედ ამ ქვეყანაში. ყველას აუცილებლად გაგცემთ პასუხს საზოგადოება, რომლისთვისაც ნამდვილად არ არის სტანდარტი ის, რაც ამ პარლამენტში ხდება. თქვენ არღვევთ კონსტიტუციას, კანონებს, ხართ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე და საბოლო პასუხს აუცილებლად მიიღებთ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ამას ძალიან მალე ნახავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.