„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კახეთში მხარდამჭერებს შეხვდა. ვაშაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნო და განაცხადა, რომ ამ მთავრობის პირობებში, გლეხის შრომა დაუფასებელია.
ვაშაძემ ყურადღება გაამახვილა ვენახის მოყვანისთვის გაწეულ მძიმე შრომაზე, ყურძნის დაბალ ფასზე და აქედან გამომდინარე, მოსახლეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ შემუშავებული სოფლის განვითარების გეგმა გააცნო.
„გლეხის შრომა არის დაუფასებელი. უმძიმესი მდგომარეობა არის დღეს კახეთში. ყურძნის ფასი 80 თეთრია. დანახარჯი, რაც გლეხმა გაწია თავისი შხამქიმიკატებით და პესტიციდებით, დაქირავებული ადამიანებით და შრომით, ფაქტობრივად ამას ვერ იღებს. ეს არის უმძიმესი ვითარება, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა. ისინი გეუბნებიან, რომ ორი მილიარდი ლარი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაში, მითხარით, ერთი ადამიანი მაინც, რომელმაც ისარგებლეთ ამ ორი მილიარდი ლარით. სად წავიდა ეს ფული?! ეს ფული წავიდა ისევ და ისევ მათ ჯიბეებში. გლეხი ისევ არის ღარიბი, შემოსავლის გარეშე, მისი შრომა არის დაუფასებელი. ფული ვის მიაქვს? მიაქვს პესტიციდების შემომტანს, მიაქვს, ვისაც ტექნიკა შემოაქვს, მიაქვს ბანკს სესხში. უმძიმესი ვითარებაა სესხის პროცენტებთან დაკავშირებით, მიკროსაფინანსოები 40-50 პროცენტიან სესხებს აძლევენ და ისევ და ისევ დაუფასებელი არის გლეხის შრომა. სწორედ ამიტომ, „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდი ვამბობთ, რომ ქართლი სოფელი უნდა დავაყენოთ ფეხზე და გლეხის შრომა უნდა დაფასდეს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.