გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძეს მივმართავ, ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი ჩამოართვით „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ბოდიში მოუხადო ქართველ ხალხს?
ირაკლი კობახიძე, მინდა, პირადად მოგმართო, თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის, რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ქმედება ანტიქართულია.
„ერთი დღის მანძილზე თქვენ ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი ჩამოართვით „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ცნობენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. კითხვას გისვამ, ირაკლი, აპირებ თუ არა, რომ ამ ყველაფრის გამო ბოდიში მოუხადო ქართველ ხალხს? ერთი ხელით დაბლოკე 95 მილიონი დოლარი, მეორე ხელი ჩამოართვი საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის არამღიარებელი ორი კონკრეტული ორგანიზაციის, „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს, რომლებიც აღიარებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებად. არის თუ არა ეს ანტიქართული ქმედება და აპირებ თუ არა, ბოდიში მოუხადო ამის გამო ქართველ ხალხს?
კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება? კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი თქვენი ამ ანტიქართული ქმედების გამო?! 95 მილიონი დოლარით, მაგალითად, 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდა. ან შეძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის. არის თუ არა ზიანი ჩვენთვის? და ამ გზას ხომ საქართველო გაკოტრების, გაბანკროტებისკენ მიჰყავს. აპირებ თუ არა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოდიში მოუხადო ქართველს ხალხს, რომ თქვენ ხელი ჩამოართვით იმ ადამიანებს, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? არის თუ არა ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანტიეროვნული ნაბიჯი?“ – განაცხადა ვაშაძემ.