გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმოს
გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმოს.

ვაშაძის თქმით, ეს არის უმძიმესი კრიზისიდან ძალიან სწრაფი გამოსავალი.

ამასთან, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაურის განცხადება ქვეყანაში არსებულ უმძიმეს გარემოებას სრულიად აცდენილია.

„მივმართავ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ბატონო ირაკლი, სრულიად აცდენილია თქვენი განცხადება იმ უმძიმეს გარემოებას, რაც დღეს ქვეყანაში არის. ვწუხვარ, რომ თქვენ ედრებით ამერიკას და გერმანიას, მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სადაც ადამიანებს ყოველდიურად უწევთ ბრძოლა შიმშილის დასამარცხებლად და საკვების მოსაპოვებლად.

გუშინ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ უმარტივესი მოთხოვნა – გაუქმდეს აქციზის გადასახადი საწვავზე. იცით, რომელი აქციზის გადასახადი? რომელიც თქვენ და თქვენმა მთავრობამ 2016 წელს გააორმაგეთ. ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მოსვლის დროს არაერთხელ გვქონდა ამაზე საუბარი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს აქციზის გადასახადი.

ინფლაცია რომ შეჩერდეს, ელემენტარულდ ადამიანებმა რომ გააგრძელონ ორი კაპიკის მიტანა ოჯახში, თქვენ ამაზე უარს ამბობთ. რამდენზეა საუბარი? 500 მილიონის ხარჯზეა საუბარი, ბიუჯეტში შემოსავალზე. რას უნდა დააკლოთ აქციზის გაუქმების შემთხვევაში ეს დანახარჯები? თქვენს ფუფუნების საგნებს, არაერთი ბიუროკრატისთვის თქვენ მიერ დაფინანსებულ ხელფასებს და პრემიებს, იმ კოორდინატორების ხელფასებს, რომლებიც მასობრივად გყავთ დაფინანსებული და დასაქმებული სხვადასხვა სსიპსა და აიპში. ამიტომ, ბატონო ირაკლი, გაიგონეთ ხალხის ხმა. მე სრულიად სოლიდარული ვარ იმ მოთხოვნების, რომლებიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ და გააუქმეთ აქციზის გადასახადი. ეს არის ძალიან მარტივი და ძალიან სწრაფი გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.