გიორგი ვაშაძე - იქნებ, კანონი მივიღოთ, რომლითაც პრეზიდენტს საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება და მხოლოდ დღესასწაულებს მოგვილოცავს
გიორგი ვაშაძე - იქნებ, კანონი მივიღოთ, რომლითაც პრეზიდენტს საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება და მხოლოდ დღესასწაულებს მოგვილოცავს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ცუდი არ იქნება, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საჯარო გამოსვლები კანონით აეკრძალება.

„სალომე ზურაბიშვილზე ერთადერთი, რაც მომდის გონებაში ის არის, რომ მას უნდა შევუზღუდოთ საჯარო გამოსვლები. იქნებ კანონი მივიღოთ, რომლითაც საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება პრეზიდენტს და საზოგადოებასთან წინასწარ შეთანხმებით, წელიწადში ერთხელ, საახალწლოდ ან საშობაოდ გამოვა, რომ მარტო დღესასწაულები მოგვილოცოს, ყოველგვარი სახელმწიფოებრივი საკითხების მოხსენიების გარეშე. უნდა ავუკრძლოთ პრეზიდენტს საუბარი ყველა პოლიტიკურ მოვლენაზე, რაც ქვეყანაში ხდება და მარტო ახალი წელი, შობა, აღდგომა მოგვილოცოს. იმედია, აქაც შეცდომას არ დაუშვებს, ჩვენს აღდგომას მოგვილოცავს და არა სხვისას, ან სხვა რამეს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის აზრით, პრეზიდენტს კანონით უნდა აეკრძალოს ჯარზე, შეწყალებაზე, ეკონომიკაზე და ზოგადად ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხზე საჯაროდ საუბარი, ვინაიდან მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ყოველთვის შეურაცხმყოფელი და ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყანაში მხოლოდ რუსული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.