გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს მადლობას უხდის. ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაცია, რასაც მათგან იღებენ.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, იმედი აქვს, საბოლოო დოკუმენტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს და ყველას მიეცემა შესაძლებლობა, შეთანხმების გზით წავიდეს.
„მივესალმები და დიდი მადლობა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს. დიდი გულისყურით ვეკიდები მათ განცხადებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის რეკომენდაცია, რასაც მათგან ვიღებთ, რადგან ჩვენ გვინდა, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ და ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მისი მხარდაჭერა გვჭირდება განვითარებაში.
მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს და ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა, შეთანხმების გზით წავიდეთ. დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი. ამ მოლაპარაკებების პროცესში ან დეთანხმება ან ისევ კინკლაობა. მე, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით, ასე ვერ გამოვა. ამიტომ დაველოდოთ, რამდენიმე საათი დარჩა. პროცესი რომ მძიმეა ისიც მიუთითებს, რომ შეხვედრა რამდენჯერმე გდაიდო. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ელჩებს გამძლეობისთვის, რომელიც აქვთ ამ თვეების განმავლობაში და იმედი დავიტოვოთ, რომ ყველანი შევხედავთ ამ პროცესს უფრო ფართო მასშტაბით და სწორ გამოსავალს ვიპოვით.
ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით უნდა იყოს გადაწყვეტები, შარლ მიშელის პირველ დოკუმენტში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი, რა საკითხებზე უნდა იყოს გადაწყვეტა. ეს მოიცავს როგორც პოლიტიკურ პტიმრებს, ასევე რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას და იმ რეფორმებს, რაზეც ფაქტობრივად უკვე შეთანხმებულები ვართ, რადგან „ქართული ოცნებაც“ როგორც იქნა დაეთანხმა იმ სამ პუნქტს. ამიტომ ამ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ. მე გულწრფელად მინდა, რომ საქართველომ გადაშალოს ეს მძიმე ფურცელი და დაიწყოს განვითარების ახალი ეტაპი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
აშშ და ევროკავშირი პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.
ამავდროულად, განცხადება გაავრცელა „ქართულმა ოცნებამ“, სადაც ნათქვამია, რომ „ოცნების“ მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციას, ყველაფერზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ინტერესები და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს.